Litclub.ge

ქალი
ჩემი სიცოცხლე ბეწვზე ეკიდა,
ჩემი რწმენა და რწმენის სასახლე,
მე გამოგძერწე ჩემი ნეკნიდან
და ჩემს სალოცავ ხატად დაგსახე.
შენით მოვიგე ომი მრავალი,
ზედ მტკვარზე შენთვის დავდგი ტაძარი,
შენა ხარ ევას შთამომავალი
და მე კი შენი ცეცხლით დამწვარი.
ადამის ძე ვარ და რა მეღონა,
როცა სიცოცხლე ბეწვზე ეკიდა,
შენ ღმერთმა კი არ გამოგიგონა,
მე გამოგძერწე ჩემი ნეკნიდან.
გული, რომელიც არ აღეგზნება,
გული კი არა ცივი ლოდია,
ძველი რომი ხარ და ჩემი გზები
დასაბამიდან შენსკენ მოდიან.
მე შენს განგებას ვერსად წავუვალ
და ჩემი ლექსი როგორ გაკადრო,
შენ, ჩემო დიდო დღესასწაულო,
ჩემო სათავევ და შენაკადო.
მზე კურცხალივით ცაზე ეკიდა,
მარტო ვიყავი და შენ გინატრე,
მე გამოგძერწე ჩემი ნეკნიდან
და სამოთხეში დაგაბინადრე.