Litclub.ge

მეორე ნახევარი
ღვინოსავით დიდხანს უნდა შენახვა,
სიყვარული ცეცხლია და გენია.
ჩემი გულის ნახევარი შენა ხარ,
დანარჩენი ნახევარიც შენია.
შემოგევლოს ათასობით მხევალი,
ათას ლელას შენ ერთი მირჩევნიხარ,
შენ ხარ ჩემი პირველი ნახევარი
და მეორე ნახევარიც ჩემი ხარ.
ფენიქსივით აღმადგინე ხელახლა,
სად ვიხილავ შენისთანა მშვენიერს,
ნახევარი საქართველო შენა ხარ,
დანარჩენი ნახევარიც შენია.
ბედი თუა ჯანდაბაშიც მოგნახავს,
გინდ იყავი მეტყევე, გინდ მეველე,
ოცნებაში ჩემი ლიზა მონა ხარ,
ლეგენდაში _ მშვენიერი ელენე.
ჩემი გულის ნახევარი შენა ხარ,
დანარჩენი ნახევარიც შენია,
ტყვიასავით დამახალე ხელახლა
გულში შენი სიყვარულის გენია!