Litclub.ge
ღვინის წყარო
რად შეარქვეს ამ მიდამოს ღვინის წყარო,
მეასეჯერ ჩავკითხავდი პაპას ბიჭი,
წარბს შეკრავდა, –აბეზარა ბალღი ხარო,
რა გითხრაო გახსნება როცა მიჭირს.
შემდეგ ღიმით მოიხდიდა ყაბალახსა
და ფეხზე ფეხს გადადებდა
დინჯად,
მძიედ,
ასე იყო,
ჰო,
ჰო,
ასე, კარგად მახსოვს,
აქ სახლობდა თურმე ერთი მესხი ვინმე.
დღე და ღამე ღია ჰქონდა შვილო, კარი,
მეზობლები ეძახოდნენ სოფლის მამას,
საცეცხლურზე შანდალივით ენთო კვარი
და უყვარდა გაბმით ლხინი,
სმა
და ჭამა.
კარს მიადგა მგზავრი ვინმე ხერთვისელი
და მოსთხოვა, მასპინძელო, მასვი წყალი,
გაიბადრა სოფლის მამა
გარჯე,
ქველი,
სიხარულით გაუბრწყინდა ორთავ თვალი,
და უმალვე მიეახლა მწყურვალს სურით,
დასუხა და კრძალვით ხელში მიაწოდა
და სტუმარმა, ნაამებმა სამსახურით,
უთხრა – ძმაო
მე კი ღვინო არ მწყუროდა.
– ამ მიწიდან მხოლოდ ღვინო მოჩქებს წყაროდ,
(მასპინძელი გაეხუმრა სტუმარს ასე),
– ამ მიწაზე ფესვუჭკნობი ვაზი ხარობს,
– ღვინის წყარო?
– მაშ, ეს კათხა კვლავ გაავსე.
ღვინის წყარო,
ღვინის წყარო,
იმა დღიდან ადგილს ვუხმობთ, შვილო, ჩემო,
ამ მიწაში მადლიანი ვაზი ხარობს,
სხვა მადლი აქვს,
ჩვენი წყლის და
ღვინის გემოს.