Litclub.ge

* * * "ცისფერი და მოცისფრო"

 

ცისფერი და მოცისფრო ზღვა არ არის ყოველ თვეს, 
ღამ-ღამობით ტალღები ძველ რექვიემს მღერიან, 
დაუწერელ კანონით მე თუ წავიპოეტებ, 
მაშინ ჩემი ლექსები უფრო არაფერია - 

ვიდრე შენი ჩურჩული წამოსული სუნთქვიდან, 
(წუხელ მებადურებმა ვერ მიცურეს ნავამდე, 
ღელვა ისე ღელავდა) ხოლო მე კი სულ მინდა - 
გკოცნიდე და მკოცნიდე, გწურავდე და გბანგავდე. 

შენს თვალებში ბანაობს ხშირად ჩემი თვალები, 
ისე ძლიერ მიყვარან შევიშლები ღმერთმანი, 
ჰოდა ასე მგონია თუ გადამემალები, 
ერთი დახამხამებით წავაწყდებით ერთმანეთს. 

ნაპოვნია ადგილი ირწმუნე და გჯეროდეს, 
სულშიცა და სხეულშიც ქვეცნობიერ ზმანებით, 
დავაცხრები სურვილით მკერდის კერტკენწეროებს, 
როცა ერთ დღეს მოხვალ და ცოლად დამეღამები. 

ახლა? ახლა ეს ლექსიც უფრო არაფერია, 
გარეთ ქარი ხვნეშის და მთვარეს ჰქვია პოეტი, 
ღამღამობით ტალღები ძველ რექვიემს მღერიან, 
ხოლო მე კი მიყვარხარ, ყოველ თვეს და ყოველთვის.