Litclub.ge

პაციფისიტი...

, აქ ხარ? მელოდი... შემოდი, შემოდი...

ხო, როგორა ხარ? მე? ვარ რა.

რა მოხდა დღეს? რა გაინტერესებს? შევხდი თუ არა? კი შევხვდი. მერე რა? რა და პირველი ფეხსაცმელებზე შემხედა. არა და გითხარი (არ თქვა ახლა არ მითქვამსო), არ ღირს ამ ორჯერ შენაკეთები ფეხსაცმლით პაემანზე წასვლა, დავუცადოთ ხელფასს და ახალს რომ ვიყიდი, მაშინ წავალ-მეთქი. რას ვეტყოდი? ვეტყოდი, სამსახურში აუცილებელი საქმე გამომიჩნდა და ვერ ვახერხებ გამოსვლას-მეთქი. არაფერიც არ გაბრაზდებოდა, პირიქით, იტყოდა, ეს რა საქმიანია ახალგაზრდააო. არადა, ქალების ამბავი არ იცი?! პირველი ფეხსაცმელზე შეგხედავენ, რა გაცვია! კიდევ კარგი სუფთა იყო. იმ დღეს მაზი რომ ვიყიდე ლარად, კარგი გამოდგა, შავი მერსედესივით ააპრიალა, მაგრამ ქუსლიც რომ შესაკეთებელია?! მერე კიდევ პერანგის გახეხილ საყელოზე შეაჩერა მზერა. არადა რამდენი ვრეცხე წუხელ... გაიხეხა ამდენი რეცხვით ეტყობა, _ვამბობდი მე, ერთი სარეცხი მანქანა ვიყიდოთ-მეთქი. თვითონ რა ეცვა? მე რა ვიცი რა ეცვა? რომ შევხედე და თვალები დავინახე მისი, მერე არც დამინახია სხვა რამე. რა ველაპარაკე, არც ეს მახსოვს, იცინოდა, ალბათ ცუდი არ მითქვამს რამე. იცინოდა და სიცილი ძალიან უხდებოდა. ხო, ის მითხრა, შარვალს შენ იუთავებო? სამი ზოლი როგორ გამოგდისო? ხედავ სამი ზოლი მაქვს, სულ შენი ბრალია! შენ არ მითხარი კიდევ ერთ-ორჯერ გადაუსვი უთო, ხბოს ნაღეჭივით არის დაჭმუჭნულიო. კიდე რა? ხო, კაფეში ვიყავით. გამიმართლა, მარხვაზე ვარო, მითხრა. ხოდა სამარხო ნამცხვარი არ ჰქონდათ! ლობიანიც არ ჰქონდათ! ყავას დავლევ მარტოო. გეგმაში რომ მქონდა, ათი ლარი მეყოფა-მეთქი, ორი ლარი დავხარჯე სულ. პარკში რა მიდევს, პური ვიყიდე და მაწონი. აი, მოგიტეხავ პურს, ჭამე. მაწონი ცივია ჯერ, მერე ვჭამოთ. რად უნდათ ამ ზამთარში რომ ყინავენ მაწონს, გაგიჟდები რა!

მერე რა მოხდა?! კაფეში ვისხედით და ვსაუბრობდით. კარგი ადამიანია. რატო? რატო და იმ გოგოსავით კი არ იყო, ამას წინათ რომ შევხვდი და მე რომ ველაპარაკებოდი და ის კიდე სხვებს ათვალიერებდა: დარბაზში ვინ ზისო, რა აცვიათო. კი ბატონო ერთხელ შეიძლება მოავლო დარბაზს თვალი, რა ხდება, მაგრამ მერე რა პონტია თირვა დაუწყო ხალხს? გოგო რომ შენს გვერდით ზის და სხვას ორ წამზე მეტი ხნით გაუსწორებს თვალს, ჩათვალე გიღალატა უკვე... არ ვარ სწორი? ეჭვიანი ვიქნები? არაფერიც. თუ ადამიანს ვენდობი, მის მიმართ არ ვიქნები ეჭვიანი... ხო და არც საათით ხელში ვიდგები, ვის რამდენი წამით შეხედავს-თქო, ნუ მაღადავებ ახლა თორემ დაგტოვებ მშიერს და არ გაგიყოფ მაწონს. მაგ პურსაც წაგართმევ რაც მოგეცი. მერე რა მოხდა, რა ვიცი რა მოხდა. რა ლამაზი თვალები ჰქონდა, უყურებ და ვერ ძღები. გინდა სულ უყურო. შავი თვალები აქვს და თეთრი კამკამა გუგები. სიხარულის ნაპერწკალი რომ გაუკრთებოდა თვალში, მღეროდა თითქოს. ხო, თვალი უმღეროდა. რა, არ შეძლება? მოიცა რა, როგორ არ შეუძლია? თვალს თუ საუბარი შეუძლია, სიმღერა რატომ არ შეუძლია ვითომ? რას მღეროდა? რას მღეროდა და ჭრელო პეპელას... მე რა ვიცი რას მღეროდა, გიჟი ხარ შენ, ხმამაღლა სიმღერა კი არ დაუწყია! რა ეცვა? რა ვიცი, რა ეცვა. ხო გითხარი მის თვალებს ვხედავდი მხოლოდ-მეთქი. ალბათ არ უყვიროდა ჩაცმულობა, რაც უხდებოდა ის ეცვა მხოლოდ. შიშველი არ ყოფილა, ვინ თქვა შიშველი იყოო? ხო გითხარი, მართლა გიჟი ხარ შენ.

ხო, მოდი მაწონი დაგისხა, გათბებოდა უკვე. კიდე, ცოტა პური და ნუ კრუტუნებ. მაგარი მლიქვნელი ვიღაცა ხარ, თან არაფრის მაქნისი. ბოლოს როდის დაიჭირე თაგვი, გახსოვს? პაციფისტი ხარ არა? მიდი რა, დაიძინე...

მოიცა, რაღაცა კარგი თვალებით მიყურებ, თითქოს რამე კარგი უნდა მოხდეს? კარგი რა უნდა მოხდეს? ვა, მესიჯი მოვიდა. ის არის, მეკითხება როგორა ხარო~. ახლა? ახლა ძალიან კარგად ვარ! მაგარია! სულაც არა ხარ შენ მლიქვნელი, შენისთანა კატა მეორე არ მეგულება ჩვენს გალაქტიკაში, იმიტომ რომ მას აინტერესებს როგორა ვარ. მოიცა, მივწერო, რა მივწერო?! მივწერ, რომ მენატრება! რომ მისი თვალები სულში ისე შემოიჭრა, როგორც შვება უდიდესი, რომ მასზე მშვენიერი ამ ქვეყნად არვინ არ არის, რომ ჩემმა სიცოცხლემ უმისოდ აზრი დაკარგა, რომ მინდა საღამოს სამუშაოდან დაბრუნებულს იმან გამიღოს კარი და გამიღიმოს... ამდენს როდის მივწერ, სჯობს დავურეკო... ჩუ ახლა. აი, ვრეკავ...

... თქვენი ნომერი გამორთულია დავალიანების გამო...