Litclub.ge

თითქმის ავტოპორტრეტი
როგორ გატყუებთ ჩემი იერი,
უზრუნველობის მსუბუქი ლანდი...
გგონივართ ლაღი და ბედნიერი,
სულ მხიარული... სულ დარდიმანდი...
თქვენ არ გინახავთ ჩემს თვალზე ცრემლი –
ღამით, როდესაც მარტოკა ვრჩები,
ჩემი ბალიში ქვასავით სველი
და ფიქრთა ჩემთა ვეება მთები.
მსურს, მეც გავათბო პატარა სორო,
მზის ჩასვლიდან მზის ამოსვლას ვუცდი,
არც ერთი წუთით ჩემთვის არ ვცხოვრობ –
ვალია ჩემი ყოველი წუთი.
ფიქრიანია ჩემი სიმღერა,
რადგან სიცოცხლე სხვაგვარად მიჩანს,
მეძახის ვალის გადასახდელად
ქალაქის კართან მომდგარი მიწა.
თქვენ კი გატყუებთ ჩემი იერი,
უზრუნველობის მსუბუქი ლანდი...
გგონივართ ლაღი და ბედნიერი,
სულ მხიარული... სულ დარდიმანდი...