Litclub.ge

უსაქართველოდ არ მწამს ქართველი!
მე ამ მთებიდან მამულს ვუგალობ,
როგორც სხვებს, ისე მეც ძლიერ მიჭირს.
შენ გევედრები, მომეც, უფალო,
გაუსაძლისის გაძლების ნიჭი!
ღვინიან დოქთან მწნილი და მჭადი,
ჩაუქრობელი წინაპრის კერა,
როს კრიმანჭული კვამლთან ცად ადის,
იქ ჩემს ოცნებებს სამოსს უკერავს.
მიწას შიშველი ტერფებით ვათბობ,
ვნამავ ცრემლებით, სისხლით და ოფლით,
თუნდ მომერიო, მტერო, ვერ დავთმობ
მამულს, არც ბაბად გიწამებ სოფლის!
მე წერა-კითხვა მიწამ მასწავლა,
წერა: ხვნა-თესვა, კითხვა: მკა-რთველი,
ბიჯს არ მოვიცვლი, აქ მსურს ჩანავლა,
უსაქართველოდ არ მწამს ქართველი!
ყოფნის დაფიდან ჯერ ვერ გადამშლი,
ჯიუტი ვარ და ბედს ვეურჩები,
ოთხი შვილი მყავს: წყვილი ქალ-ვაჟი,
სხვამც შეუყენოს ციხეს ბურჯები!
მაღალ მთებიდან მამულს ვუგალობ,
როგორც სხვებს, ისე მეც ძლიერ მიჭირს,
შთაგვაგონე და მოგვეც უფალო,
გაუსაძლისის გაძლების ნიჭი!