გამოვიხედავ ამაღამ გარეთ
და ქარი მხოლოდ ფიფქებს მომაშლის,
ალბათ არც ნისლი არ შეწყვეტს თარეშს
საარაგვოზე, გაბმულ თოვაში.
კარს შემომიღებს მთვარე და თოვლი,
თოვლი და მთვარე მეწვევა მეკვლედ.
რით მანუგეშებს მნათობი შორით,
რას მეტყვის, ნუთუ რაიმეს შეძლებს?..
რას მეტყვის ღამე გრძელი და გულქვა,
თოვს და თოვს... ისევ შორიშორ ვრჩებით
და დაბარდნილი ხეების სუნთქვას
ინაწილებენ მთვარეში მთები.
ბჟუტავს სანთელი... წამიწამ ისმის
ჩემი წყალ-ჭალის მგლების ყმუილი.
ხევი თუ ხრამი სავსეა ნისლით,
სივრცე – არაგვის ცივი შხუილით.
ფიქრში ძილ-ფხიზლობს ქათქათა არე,
ფიქრი – შორი გზის მგზავრი მოვა შინ...
ალბათ არც ნისლი არ შეწყვეტს თარეშს
საარაგვოზე, გაბმულ თოვაში.