მზე კოცნით მიშრობს ცრემლიან ღაწვებს,
დილებს მტყორცნიან ჭაღარა მთები...
ფიქრის თოვლში რომ გულაღმა დავწვე,
გაზაფხულამდე აღარ ავდგები...
ყვავილებს მაყრის ყველა რტო ახლა,
და ჩემი გული რავი, სად არი,
მე შენ ყოველღამ სიზმრად თუ გნახავ,
ჩემთან არასდროს მოვა ზამთარი...
თუ მე და ზეცამ გავიაპრილეთ,
გაგიჟდებიან თეთრად ნუშები,
ღრუბლებიდან რომ გავინაპირო,
ყოველგვარ ავდარს გადავურჩები...
წითელ მიხაკებს ვიბნევ კაბაზე,
მაგრამ რად მინდა ნეტავ ბალღობა!..
თუ არ მახარე,
თუ არ მაბრაზე,
რაღა აზრი აქვს ყოფნა-არყოფნას...
სოფლის ბოლოში მინდვრად დავწვები,
დე, ლამაზ მკერდზე ნუკრები შემდგნენ,
შენს გაცნობამდე როგორღაც ვძლებდი,
ვერ გავძლებ შენი დაკარგვის შემდეგ...