Litclub.ge

თუ იყოს, იყოს!..
თუ იყოს, იყოს,
თუ არა და _ წყალმა რიყოს.
ხალხური
იყოს ძალიან ცხელი დღეები
და შემდეგ დიდი წვიმები იყოს.
ლამაზნი, როგორც რემა ირმების,
ძლიერმა დელგმამ ჩემსკენ მორიყოს.
ენთნენ თვალებით მოგიზგიზეთი,
ტანჯეირანთა ჯირითი იყოს.
იყოს მათ შორის ერთი ისეთი,
გული წამართვას, ორად გამიყოს.
გულუხვი, როგორც ველი სამკალი,
ზღვის ღელვასავით ძლიერი იყოს.
იყოს შფოთვა და გულის კანკალი,
ჰე, სიყვარული თუ იყოს, იყოს!...