Litclub.ge

ვერ აგისრულე რასაც დაგპირდი...
ვერ აგისრულე, რასაც დაგპირდი, –
ისევ მოვედი შენთან...
შენს ლურჯ ფანჯრებზე დნება აპრილი
და სილამაზე ფერთა.
ვერ აგისრულე, რასაც დაგპირდი, –
ისევ მოვედი შენთან!
გადამიფრინდი ჩიტის ბარტყივით,
ბევრი ვიარე კენტად,
მომდევდნენ წარსულ დღეთა ლანდები,
ვერ დავემალე ვერსად,
ვერ აგისრულე, რასაც დაგპირდი, –
ისევ მოვედი შენთან!
სხვა სიყვარულის უცხო ნაპირი
არ არსებულა ქვეყნად,
სულმა სიამე შენთან განცდილი
ვეღარსად ჰპოვა, ვერსად, –
ვერ აგისრულე, რასაც დაგპირდი,
მე ისევ მოვალ შენთან!
მომდევდნენ წარსულ დღეთა ლანდები,
ვერ დავემალე ვერსად,
გული საოცარ დარდით დაჭრილი
ფეთქავს და აღარც ფეთქავს...
ვერ აგისრულე, რასაც დაგპირდი, –
ისევ მოვედი შენთან!
ბოლომდე შევსვი სევდის ფიალა, –
მაბნევს სიმუქე ფერთა...
მინდა მოგიძღვნა მთელი სიცოცხლე,
შენ სიყვარულის ერთავ!
ვერ აგისრულე, რასაც დაგპირდი, –
ისევ მოვედი შენთან!