Litclub.ge

ადგილის დედის მონატრება
თვალს მიცემს ჩემი სავენახეთი,
აგრემც მოვუკვდე, ვეღარ დავხედე.
კაი ხანია, ჩემი კახეთი
გემოზე ვეღარ მოვიკახეთე.
კაი ხანია, სევდით მორჩილით
შევიტკბე ჟანგი, მტვერი, ნეონი
და მახრჩობს გულზე ჯავრად მოჯრილი
ვერმოგებული სანაძლეონი.
კი, ჩემი თავი ენაცვლოს შოთას,
პუშკინს, ნიზამის, რაბლეს თუ ლი ბოს.
მაგრამ დღეს გული
სხვაგვარად შფოთავს,
მონატრებული მშობლიურ ლიბოს.
ვენაცვლე სხვათაც _ ხაიამს, დანტეს,
პელეს, პიკასოს, ტალს თუ კარუზოს,
მაგრამ ეს გული შარაზე დავდე,
გავხადე ქვეყნის სატარტაროზოდ.
შორს კი საზღაპროდ ღუის ბუხარი,
პაპას ულვაშზე კვამლი კიდია,
სარკმელში მოსჩანს ბლის ხე მწუხარი
და წეროები სამხრით მიდიან.
დამდევს სიზმარში პატარა სახლი
და გაღრეცილი ლასტის ჭიშკარი,
ძველი ბეღელი და ბეღლის მაღლით
გაჭენებული ცაზე ცისკარი.
ოჰ, ის კისკასი პატარა ბიჭი,
თუშური ქუდით პეპლის მდევარი!
ოჰ! მოტეხილი იმისი კიჭი,
ოჰ, მოპარული ყურძნის მტევანი!
გარდახდა ჟამი, იძალეს წლებმა,
ახლა ყოველი უკვე შორს Oარი,
ძნელდება დროსთან ხელდახელ შებმა, _
`მოდის ყიჟინით, როგორც კორსარი!~
და მაინც გული გულობას ჰბედავს,
ბალღობის მადლით ნათელმოსილი,
მე ჩემ საყვარელ ადგილის დედას,
ვერ მოვშორდები ანთეოსივით.
მეძახის კვლავაც პატარა სახლი,
ჩემი ოცნების თავშესაფარი,
შორით ციმციმებს, მიხმობს და დაღლილ
სულში შემოდის, როგორც ზღაპარი.