მილიონზე მეტი ქართველია წასული საქართველოდან საზღვარგარეთ სამუშაოდ. გაზეთებიდან
მენატრები, ისე როგორც ენატრება მწყურვალს წყალი,
როგორც წვიმის ნატრულია მიწა გვალვით გამომშრალი.
როს ნაზამთრალს ვარდის ბუჩქი გაზაფხულის მოსვლას ნატრობს
და მზის სხივი ენატრება თოვლით ფენილ მთის გრძელ ტატნობს.
ისე ძლიერ მენატრები, მეწურება სიმწრით გული,
სხვა ვერავინ ვეღარ მომკლავს, მხოლოდ შენი სიყვარული.
მენატრები, სადარდებლად გამჩენია თავი შენი
ნახვით, ალბათ, მალე გნახავ, არ გამწირავს მე გამჩენი
სანატრელი ოცნებათა ხელთუქმნელი ჯაჭვი დნება,
ვიწვი, ვიწვი, საქართველოვ, ირგვლივ ცეცხლი მეკიდება
მენატრები თუ კი ვინმეს შეუძლია მონატრება,
ვინძლო ღმერთმა შეისმინოს ეს გულწრფელი აღსარება.
და ჩემს ირგვლივ მონატრება წამომდგარა მკაცრად, ურჩად,
ერთიანად ვიყინები ჩემს გულს სითბო არ დაურჩა.
სულ გავოგნდი, აღარ ვიცი საით ფრინავს ჩემი სული,
ჯავრი ხარ თუ მონატრება, ამ სივრცეში გადასული.
მესტიიდან უშბას ვხედავ, თავაწეულ რაშივითა,
ვიჭიმები, სხვის მიწაზე, რუსის ჯარისკაცივითა.
ჩოლოქსა და გოდერძს გაღმა ჩემი გული ასვენია,
ამნაირი სიყვარული სამშობლოსი თუ გსმენია.
რახანია მეძალება ფიქრი ფიქრზე დანათოვი,
შემრჩა მხოლოდ დაპირება, მაშინ შენზე დანატოვი
ენძელები მოჰფენია მზისგან გამთბარ მინდორ-ველებს
შენი სიყვარული მომკლავს, ანდა უმალ შემაჩვენებს.
საქართველოვ, მენატრები ერთიანი და სულ მთელი,
ძმა ძმისთვის რომ თავსა დებდეს, ის დღე დადგეს სასურველი
როცა ვინმე უყვართ მაშინ, ვარდს და ბულბულს ედრებიან,
სიყვარულით გათანგულნი არასოდეს ბერდებიან.
მენატრები ისე ძლიერ, რომ სიზმარშიც სულ შენ გხედავ
ვეღარაფრით ვეღარ გშველი შენს სიყვარულს მაინც ვბედავ
მაპატიე, საქართველოვ, თუ გაგწეწე და დაგშალე,
ალბათ, გონზე აღარ ვიყავ და ჭკუიდან შევიშალე.
გონიოდან მიმზერს სევდა, სევდა ათასწლეულების,
ნატრული ვარ მისი ხილვის ტანმაღალი ქონგურების.
ოშკის შემოძარცვულ ტანზე მთვარეს დიდხანს უმზერია,
ზარზმასა და ხიხანს ერთად ცოდვის ცრემლი უზელია.
მენატრები, როგორც ხახულს ენატრება საქართველო,
როგორც ბანას ნატრულია მთელი ჩვენი მთა და მდელო.
მე ამაყი კოლხი ვდგევარ და ნატრული შენი მზისა,
არ ვიდარდებ იმ დღეს მოვკვდე, შენი ნახვა თუ მეღირსა.