მახსოვს შენი იავნანა,
მაგ კურცხალთა ცხელი დენა,
ჩვილის აკვნის ყურთბალიშში
შენახული ჩიტის ენა.
განა მერცხლის, გადამფრენის,
ჩვენში ჩიტი რამ დალია,
არცა თუნდა იადონის,
არც ბულბულის - მაფშალიას.
მიადევნე იავნანას,
ფარნავაზის ანბანთქებას.
გულწითელა ჩიტის ენა,
ზამთარშიც რომ ჩვენთან რჩება.
ყრმის ქართული ტირილიდან,
ქართის ენა დაიბადოს,
ჩვენს ბარდნაში იჭიკჭიკოს,
სუსხიანშიც აქ იზამთროს.
მესმის აკვნის ღილკილოთა
რეჩხი - რწევა, ცრემლთა დენა,
ქართულ ენას შეგაყვარებს
ყურთბალიშქვეშ ჩიტის ენა.
ჩაგჭიკჭიკებს სირინოზი,
ფერს აკვანში გიფენს ზენა,
საქართველო შეგაყვაროს
გულწითელა ჩიტის ენამ.