Litclub.ge

დოქები შროშის გზაზე
შროშის შარაგზასთან
დოქები რომ ჩანან,
გეგონება მართლა
ქართველები დგანან.

და არწივის მზერით
შროშის შარის კოკა,
კოკა ღვინისფერი,
თვითონ ქართველს მოჰგავს...

მღერის საქსაფონი
გაზაფხულის მოტივს
და ლაღიძის ნოტით
დასეულა ტოტი.

მღერის, როგორ მღერის
გუმბათების ტოტი,
ტყემლის ტოტზე თეთრი
თებერვალიც მღერის...

ვინ გაიგებს ჩვენს ფიქრს,
ან სიმღერას მგოსნის,
ჯამში ღვინის შხეფით
საქართველოს ვკოცნით.

აქ დიოდნენ გზები
მიდიის და ხეთის,
საქართველოს ბედით
სხვაა ლიხის ქედი.

სხვაა ქედი ლიხის
საქართველოს ბედით,
ხან გვეძახდა იგი,
ხან გვთიშავდა ქედი.

ქართველი ხარ? _ მოდი,
ან მეგზური სულაც,
მისცემია ლოდინს
შროშის შარის სურა...

საქართველოს ლოცვად
სადღეგრძელო შესვი,
აყვავდება როცა
ღვინობისთვის შხეფი.

და დოქებიც მიტომ,
ლიხის წითელმიწის,
სადღეგრძელოს ითხოვს
გაუტეხელ ფიცის!
შენ სტამბული ხარ


აათიმთიმა სანჯი და თარი
და ეშმაკურად ჩამიკრა თვალი,
შემივსო ჭიქა თაფლით დამტკბარი,
ფლავი მომართვა, ფლავი, რა ფლავი.

მიმზერდა იგი, მართლა ლამაზი
ათი ათასი მეჩეთ-დარბაზით,
ააჩურჩულა დიბა-ატლასი,
ააჩახჩახა ლალი-ალმასი.

ვერცა რა ვკადრე ენადაბმულმა,
ასე მეგონა, მიცნო სტამბულმა,
ორ ნაპირს შორის ხიდით გაბმულმა,
თეთრი ქუჩებით გადალამბულმა.

იყო გიზგიზი მის მიზგითების,
აღმოსავლეთის მზის მცხუნვარება,
როცა დამაწვა გულს მჭმუნვარება,
მიცეკვეს ლანდთა შიმუნბარებმა.

გადავიხსენი ჩოხა ქართული,
ოქრომკედი და ოქროსირმანი,
ქართულ მხედრულად გადახლართული,
ლექსად შევკადრე სტამბულს ფირმანი:

შენ ძილგამკრთალი ფიქრობ მისანი,
მეც გიცანი და შენაც მიცანი...
გიყურებ, ვღელავ, ვდგავარ, მუნჯი ვარ...
შენ სტამბული ხარ, მე კი გურჯი ვარ!
 
1991