გინახავს? როგორ სხლტებიან,
მთის ცივ წყაროთა ჩქერებში,
ეს ვერცხლის კალმახებია,
მზეზე უბრწყინავთ ქერეჭი.
გინახავს? თუნდაც სიზმარში,
ლომ-ვეფხვთა სრბოლა კამარით,
რა დიადია ეს მარში,
რა ლამაზია ტრამალი...
ღელენი ზღვას მიერთვიან,
ლანქერს მიელტვის ლანქერი,
წვეთი კლდის თავზე _ წვეთია,
გადმოხტება და _ ჩანჩქერი!
ხმალი ომშია მაგარი,
წყალი ტბორია ნადგომი...
ყველა დამდგარი _ საწყალი,
ნახტომი, სულო, ნახტომი!..
პირი ვიბრუნე მთისაკენ,
დიდხანს არც აქ ვარ დამდგომი...
ნახტომი სიკეთისაკენ,
ნახტომი, კიდევ ნახტომი!..
1994