Litclub.ge

ვინ იცოდა
მარტო მტერი კი არა და
მოძმეც გვყავდა ვერაგი,
გეკითხები, ვინ იცოდა
გორგასალის იღლიის ქვეშ
ჩარღვეული პერანგი.

ჩვენგან ხშირად მტერიც ძრწოდა,
დღესწ კი ვტირი მკვნესარე...
თბილისს ორი კარი ჰქონდა,
ვინ იცოდა,
ვინ იცოდა მესამე...

შაბიამნის ლამაზ წყალში
იფერება ისარი,
ვინ ესროლა ვახტანგს მხარში - 
საძებარი ის არის.

ასი ციხე-სალოცავი
როგორ დამიჩიავდა,
საქართველოს კარიბჭენი,
საქართველოს ალაყაფი,
როგორ მომიღიავდა...

მარტო მტერი კი არა და
მოძმეც გვყავდა ვერაგი,
გეკითხები, ვინ იცოდა,
ვინ იცოდა?..
გორგასალის იღლიისქვეშ,
ჩარღვეული პერანგი!..