ზეცა სათოვად გადაიბურა...
შორს მოვერცხლილი ლურჯი მთებია...
ყვავილებს თოვლზე ხატავს ბეღურა,
გაზაფხული თუ მონატრებია...
არსად ფოთოლთა კდემა და კრთომა...
მას შემდეგ ბევრჯერ დაუთოვია...
ხეებს მოსწყინდათ უაზროდ დგომა,
აღარ ხმაურობს მზის სიმფონია...
ზეცა სათოვად გადაიბურა...
ეს დევკაცები ჩემი მთებია...
ყვავილებს თოვლზე ხატავს ბეღურა,
გაზაფხული თუ მონატრებია...