Litclub.ge

ენა
ჩვენ შევესწარით – ენა სულს ლევდა
და ანტიენა ბატონდებოდა.
ენას წაერთვა ძალა და მადლი –
სიტყვები ვეღარ ჭრიდნენ გასაჭრელს
და უბრძოლველად
გამორბოდნენ ბრძოლის ველიდან.
ხალხი ამ ენით ფიცს ვეღარ დებდა,
ვერც სალოცავში ილოცებოდა,
და ვეღარც თავის წინაპრებთან ლაპარაკობდა;
ჩვენ შევესწარით – ენა კვდებოდა
და ტყუილების სამსახურში ჩადგნენ სიტყვები;
კაცჭრიჭინები გამოსულიყვნენ
და ჭრიჭინებდნენ ანტიენაზე.
... ჩამოიარა პაპაჩემის აჩრდილმა გზაზე,
შეჩერდა, ყური დაუგდო Qჭრიჭინს
და ეს იკითხა გაოცებულ-გაკვირვებულმა:
– სად წავიდნენ სიტყვები?
– რა ომი იყო ასეთი ომი?
– რამ მოკლა ენა?!