ერთი მილიდან ამოდის ბოლი,
დგას და ისვენებს მეორე მილი,
ეს არის მილი, იმ მილის ცოლი,
ხოლო ის მცირე მილია – შვილი.
ისინი თითქოს მიდიან სადღაც,
აქედან მოჩანს ტყისპირი მწვანე,
ნაგავი ყრია ფაბრიკის ახლოს,
ეს ჩანს სარდაფით, სადაც ლუდს სვამენ.
ერთია – რუსი, სომეხიც – ერთი,
ორი ქართველი და ერთიც ქურთი,
ქალი კი ვაჭრობს თევზით და მკერდით,
და ქურდის ქურდი არაა ქურდი.
რას შეალიე ცხოვრება მთელი?
ვაი, არაყიც უკვე არ გათრობს;
ზანტად აიღო ვიღაცამ წელი
და სარდაფიდან გავიდა მარტო.
გქონდა სოფელი, ეზო და კარი,
და საალერსო სახელიც გერქვა;
დამლაგებელი მოვიდა ქალი
და სუფრის ნარჩენს დაუწყო ქექვა.
– ვკეტავთ! – გაისმა ბრძანება ცივი,
დამლაგებელმა ჩააქრო შუქი;
სადღაც წავიდა ის ერთი მილიც
და შეაქცია საღამოს ზურგი.