Litclub.ge

თევზის წერილები
_ სულს არც დასაწყისი აქვს და არც დასასრული, _ მითხრა გუშინწინ გამიხარდაიმ და გამცილდა.
იმის წინა დღეს ვეკითხებოდი სულის არსებობის შესახებ, მაგრამ მაშინ არაფერი მითხრა. არ ვიციო, მხრები აიჩეჩა, გუშინწინ დილით კი ზუსტად ასე თქვა. მეტი არაფერი უთქვამს, სათიბზე მიიჩქაროდა. სიჩქარით საგზლიანი გუდაც კი სახლში დარჩენოდა, თავისმა პატარა გოგომ დასწია გზაში.
ჯერ კარგად არც კი იყო გასინათლებული. ორღობის თავში ბრიგადირი გამოჩნდა და გამიხარდაის შეუტია:
_ გამიხარდავ, სად მიხოლ, ჰა!
_ სათიბზე.
_ სათიბზე კი არა, ბატკნის საპარსავად წამოდი.
_ მერე ვინ გამითიბს, ხო იცი, რომ ხელმარტო კაცი ვარ.
_ რად გინდა ბევრი ლაპარაკი, _ უთხრა ბრიგადირმა თავის თავში დაჯერებული კაცის ხმით და ჩემსკენ წამოვიდა.
გამიხარდაი შებრუნდა და საპარსავზე კი არ წავიდა, ისევ სათიბებისაკენ შეუყვა აღმართს.
_ გამიხარდავ! _ დაჰკივლა ბრიგადირმა, _ სად მიხვალ, ჰა!
_ სამუშაოდ, _ ჩამოსძახა გამიხარდაიმ და გზა გააგრძელა.
_ მაგასაც გაგახსენებ, _ მიაძახა ბრიგადირმა და მე მომიბრუნდა.
_ დღეს აღარ ამოხვიდე ჩასაწერად, გაიგე?
_ რატომ? _ ვკითხე მე.
_ რატომ და, ხალხს აცდენ შეკითხვებით.
მე ორი დღეა ცხვრის მპარსავებთან ავდივარ და სულის არსებობაზე ვეკითხები. ოთხი დღის წინ გამიხარდაისაც ვკითხე, მაგრამ მაშინ არაფერი მითხრა. გამიხარდაი ალალი კაცია, ბეჩავიაო, ჩემმა სოფლელებმა იციან თქმა. ბეჩავს იმიტომ ეძახიან, რომ ღარიბად ცხოვრობს, ალალი ლუკმით ირჩენს თავსაც და წვრილშვილსაც. ამ დილით რატომღაც შემეცოდა, არ ვიცი პური რომ სახლში დაავიწყდა და შვილმა რომ დასწია იმიტომ, არ ვიცი... არ ვიცი, არ ვიცი... მიდის აცმა, ისე ადგამს მიწას ფეხს, თითქოს ამ მიწისათვის უცხო იყოს მისი სხეული და ამიტომ ერიდებოდეს ზედ ფეხის დადგმა.
*
_ გუშინაც გაბრაზდა შენზე თავმჯდომარე, _ გამიმეორა ბრიგადირმა.
_ შენ როგორ გგონია, სული სად მიდის? _ ვკითხე მე.
_ მე არაფერი არ მგონია, _ მითხრა იმან და წასასვლელად გაემზადა უცებ.
_ სული კვდება?
_ რა სული, რომელი სული, რას მიედ-მოედები.
_ რა სული და კაცს რომ უდგას, ისა.
_ კაცს არაფერიც არ უდგას, _ თქვა იმან, _ გავჩნდებით და მოვკვდებით, ეგ არის და ეგ.
_ ეგ არის და მეტი არაფერი?
_ ეხლა შენთვის არა მცალია, იქ აღარ დაგინახო ამოსული, _ თქვა და აღმამიმავალ გამიხარდას გააყოლა:
_ გატარებ შენ სათიბზე!
_ რას ერჩი?
_ იმას ვერჩი, რომ საპარსავად არ წამოვიდა.
_ მერე რა რომ არ წამოვიდა, ხომ მუშაობს.
_ რას მუშაობს?
_ თიბავს, ხვეტს, თივებს აგებს.
_ ეგ ხვალ გამოჩნდება, _ თქვა იმან და წავიდა შუაგულ სოფლისკენ.
*
გუშინ კვირა იყო. მთელი დღე მუშაობდა გამიხარდაი, თივები ჩამოჰქონდა ქვემოთ ჭალაზე. ცოლი და შვილებიც შველოდნენ.
ცხელოდა. მიწას მტვერი ასდიოდა, თივას რომ მოათრევდა და იმისი ბალღები მტვერში იყვნენ ამოგანგლულნი.
საღამოთი ჩამოაგულეს თივა, და იქვე, წყაროსთან, ჩამოსხდნენ პურის საჭმელად.
ქვემოდან რამდენიმე სატვირთო მანქანა გამოჩნდა, გზიდან გადმოუხვიეს და თივებთან გაჩერდნენ.
_ სულ ეს არის შენი თივები? _ ჰკითხა ბრიგადირმა გამიხარდაის, რომელსაც გამხმარი პურის ყუა ეჭირა ხელში.
_ ჰო, ეს არის.
_ მეტი არა გაქვს?
_ მეტი არა.
_ რამდენია?
_ ოცდაათია.
_ ოცდახუთი უნდა ჩაგვაბარო.
_ რატომ ოცდახუთი, თხუთმეტი არ მაწერია?
_ თხუთმეტი გაწერია, მაგრამ საპარსავზე რომ არ წამოხვედი, ოცდახუთი დაგაწერეთ.
_ მერე ხუთი თივით რა შევინახო, ერთ ძროხასაც არ გამიკვებავს. ე ბალღებს რა ვუყო.
_ როგორც გეუბნებიან, ისეა, _ თქვა ბრიგადირმა და მანქანები მიაყენეს თივებთან. მუშებმა ხუთი თივაღა დაუტოვეს გამიხარდაის და ისინიც მანქანებზე დასხდნენ.
გამიხარდაი გაოგნებული ტრიალებდა, ხან თავის წვრილშვილს შეხედავდა, ხან დატვირთულ მანქანებს და ერთიანად კანკალებდა.
_ წავედით, _ თქვა ბრიგადირმა. მანქანები მძიმედ კანკალებდა.
გამიხარდაი ხმის ამოუღებლად იდგა და კანკალებდა, მერე ჯიბიდან ასანთი ამოიღო, ერთი თივის ძირთან ჩაიმუხლა და გაჰკრა ასანთის ღერი.
_ რას შვრები, კაცო! _ ჩაებღაუჭა ცოლი.
_ მომშორდი თავიდან! _ ხელისკვრით მოიცილა გამიხარდაიმ ცოლი და ანთებული ასანთი თივას მოუკიდა.
_ მთელი ზაფხული იშრომე და ეხლა სწვამ?! _ ისევ მიეჭრა ცოლი. ქალმა ჩიქილა მოიხადა და იმით დაუწყო ცეცხლს ჩაქრობა, მაგრამ უკვე გვიანი იყო, გამომშრალ თივას უცებ მოედო ცეცხლი და ყვითელი ენები აიჭრა ჰაერში ხუთ ადგილას.
გამიხარდაის ცოლი თმაგაწეწილი იდგა და ტიროდა. ბალღები შემოხვეოდნენ და ებღაუჭებოდნენ კაბის კალთებზე.
გამიხარდაი იდგა და ცეცხლს უყურებდა. მერე ქვემოთ მიმავალ თივიან მანქანებს გახედა და თავ_ პირის მტვრევით გამოიქცა თავქვე.
არაგვისაკენ გარბოდა, რაც კი შეეძლო. უკან ცოლი მისდევდა, მერე ბალღები, მერე მთელი სოფელი. ყველას ეგონა, რომ თავის დასახრჩობად მირბოდა.
სანამ მივიდოდით, ტანსაცმელი გაიხადა, არაგვის ნაპირზე დაყარა და დედიშობილა შევიდა წყალში. შუამდე რომ მივიდა, ერთი მორევი ნახა და იქ ჩაჯდა. მარტო თავი ჰქონდა მაღლა ამოშვერილი და არც კი გვიყურებდა, სადღაც ცაში იყურებოდა.
ხალხი მდინარის პირას დასხდა და ელოდა, როდის გამოვიდოდა გამიხარდაი ნაპირზე. ის კი გამოსვლას აღარ აპირებდა.
_ წავიდეთ, იქნებ ჩვენი რცხვენია, _ თქვა ბერმა და დანარჩენებიც თან გაიყოლა.
გამიხარდაის ცოლი და შვილები იქვე დარჩნენ. მე შორიახლოს ჩამოვჯექი ქვაზე.
_ აღარც უნდა გამოხვიდე? _ გასძახა ცოლმა. იმან ხმა არ გასცა. მერე ცოლმა ხვეწნა დაუწყო. გამიხარდაი არ განძრეულა. ბალღებმა ტირილი დაიწყეს.
საღამომდე გაუნძრევლად იჯდა ერთ ადგილას. მზის ჩასვლისას ისევ მოქუჩდა სოფელი მდინარის პირზე. ეძახოდნენ, გამოდი გამიხარდავ, გეყოფა წყალში ჯდომა, თორე გაცივდები და მოჰკვდებიო. იმან ერხელაც არ მოიხედა ხალხისკენ, თავი ისე ეჭირა, ვითომ არც კი ესმოდა იმათი ხმა.
გამიხარდაის ცოლ-შვილს ღაპაღუპით ჩამოსდიოდა ცრემლები.
სოფლიდან ყველანი არაგვთან ჩამოვიდნენ. კოლმეურნეობის თავმჯდომარე მოვიდა ბოლოს და გასძახა გამიხარდაის:
_ უსაქმურო, გამოდი ჩქარა ნაპირზე!
არც იმას უგდო ყური.
_ კაცო, რას ველაპარაკებით ამდენს, მივიდეთ და გამოვათრიოთ. _ თქვა ბრიგადირმა და წყალში შევიდა. იმას რამდენიმე კაცი მოჰყვა თან.
გამიხარდაი წყალს გაჰყვა ქვემოთ და ზედ ჩანჩქერის თავზე გაჩერდა. ცოტაც რომ ჩაეწია, წასული იყო მისი საქმე. კაცები ჯერ ისევ მისკენ წავიდნენ, მაგრამ გამიხარდაიმაც რო თანდათან ქვემოთ ჩაიწია, შეეშინდათ, არ გადავარდესო და მობრუნდნენ სოფელში.
_ მოსწყინდება და თვითონ გამოვა, _ თქვა გაბრიელმა.
_ წამო, გაანებეთ თავი, რო დაღამდება, ბნელში გამოვა, ეხლა ალბათ რცხვენია _ უთხრა თამჯდომარემ ხალხს. გამიხარდაის ცოლ-შვილიც სოფელში წაიყვანეს, თქვენ რომ აქ აღარ დაგინახავთ, უფრო გამოვაო.
იმ ღამეს ისე ბნელოდა, არაფერი ჩანდა. მარტო არაგვის ხმა ამოდიოდა სოფლამდე.
მეორე დილით ისევ შეკრიბა არაგვზე ხალხი. გამიხარდაი ნახევრად ამოსულიყო წყლის ზემოთ და კანკალებდა. ხალხი რომ დაინახა, ისევ ყელამდე ჩაჯდა არაგვში.
_ აღარ უნდა გამოხვიდე? _ შესტიროდა ცოლი.
_ ხალხს აცდენს, მე ამისი!... _ ბრაზობდა ბრიგადირი.
_ შენ ხომ არ მუშაობ და ხალხსაც აცდენ. თუ არ გამოხვალ, მილიციას მოვიყვან, _ დაუძახა თავმჯდომარემ და მერე დაამატა: _ ხუთამდე ვითვლი, აბა, გამოდი ჩქარა!
გამიხარდაიმ სულაც არ მოიხედა აქეთ. მზეს შეჰყურებდა, როდის ამოვაო. ეტყობა, შესცივდა.
ნახევარ საათში მილიციაც მოიყვანეს.
_ არ გამოხვალ? _ შეეკითხა, თავის მხრივ, მილიციელი.
გამიხარდაიმ ყური არ უგდო.
_ გამოხვალ თუ შემოვიდე? _ გაუმეორა კითხვა, მაგრამ პასუხი რომ ვერ მიიღო, შესვლა დააპირა.
გამიხარდაიმ ჩანჩქერისაკენ ჩაიწია, და ხალხმა უკან მოაბრუნა მილიციელი.
_ თუ არ გამოხვალ, დაგაპატიმრებთ ხუთი წლით! _ გაბრაზდა მილიციელი.
გამიხარდაიმ ყური არ უგდო.
_ ხუთი წელი იმიტომ, რომ ხალხის თხოვნას ყურს არ უგდებ და რაღაც სისულელეებს უჩვენებ, ერთი წელი დაგემატება, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე შიშველი რომ ხარ, ორი წელიც ცოლ-შვილს რომ გაექეცი და აწამებ, სამი წელიც, ხალხს რომ აცდენ და ჯერჯერობით, ერთნახევარიც იმიტომ, რომ მე არ მემორჩილები.
მილიციელმა რევოლვერიც კი გაისროლა ჰაერში, მაგრამ გამიხარდაიმ ისე დაიჭირა თავი, ვითომ აქ არაფერი არ ხდებაო.
მზე ამოვიდა, გამიხრდაიმ ხარბად შეხედა. ისევ გავანებეთ თავი.
_ თუ გამოვა, უჩვენოდ უფრო გამოვა. _ თქვა თავმჯდომარემ. იმის ცოლ-შვილიც წამოვიყვანოთ.
სახლში ქაღალდზე წერილი დავუწერე გამიხარდაის:
«გამიხარდავ!
რატომ არ გამოდიხარ?! ან რატომ ხმას არ გვცემ?! ცოლ-შვილი მაინც არ გენანება? შენ ხომ ისეთი არა ხარ, რომ სურვილებს აჰყვე, მოგესურვოს წყალში ჯდომა და ჩაჯდე.
გამაგებინე, რაშია საქმე.
ლუკა».
წერილი სხვა საქაღალდეში გავახვიე, შიგ კალამი ჩავდე და გამიხარდაის ჩავუგდე მორევში. იმან მიიხედ-მოიხედა და მარტო რომ დამინახა, გახსნა ჩემი წერილი, წაიკითხა, მაგრამ ხმა არ ამოუღია. კალამი აიღო და მომწერა:
«დღეის მერე მე ხალხთან საქმე აღარა მაქვს. მე აღარა მსურს ადამიანად ყოფნა იქ, სადაც არც სიმართლე გადის, არც შრომა ფასდება და კაცს კაცად არ გთვლიან. მე მიყვარდა ადამიანები, მაგრამ აღარ მიყვარან. აღარ მიყვარან იმიტომ, რომ აღარა ვარ ადამიანი.
მე თევზი ვარ!
ადამიანებთან აღარაფერი მინდა მქონდეს საერთო. მე დაგივიწყებთ თქვენ, რომელ ცოლ-შვილზე მელაპარაკები, წყალში რომ შემომტირიან? ჰო, მართალი ხარ! მე მყავდა ცოლ_ შვილი, ოღონდ ეს ადრე იყო, როცა ადამიანი ვიყავი, მაშინ. თუ გინდაც, ორი დღის წინათ. დღეს კი თევზი ვარ და თქვენთან საერთო აღარაფერი მაქვს!
მე ასე მსურს.
თევზი».
«გამიხარდავ!
შენ ამბობ, რომ თევზი ხარ, მაგრამ ეს ასე არ არის. ჩვენ ხომ ვიცით, რომ შენ ადამიანი ხარ. როგორ შეგიძლია მთლად დაივიწყო შენი წარსული, ამას ხომ ვერავინ დაგიჯერებს და რამდენიც არ უნდა ეცადო, თევზი ვერ იქნები. რა გიგავს თევზს? ის, რომ წყალში ზიხარ?
არა, თევზი არა ხარ და ვერც იქნები, ეგ სისულელეა, ჯობია, მალე დაუბრუნდე საზოგადოებას, ცოლ-შვილს, მიწას.
არ გშია?
ლუკა».
«არა მშია, ჯერჯერობით არა მშია.
რაც შეეხება საზოგადოებას, ხალხს, მიწას, ჩემთვის აღარ არსებობს: მე მივატოვე ყველა და ყველაფერი.
აღარც კი მახსოვს: მართლა ადამიანი ვიყავი?!
მე კი თევზი ვარ ახლა. რა კარგია, როცა თევზი ხარ! სულ სხვა სამყაროა აქ. ადამიანები ერთიმეორეს სჭამთ მიწაზე. მერე როგორ გიყვართ ადამიანად ყოფნა! აბა, ვინმემ გითხრათ, ადამიანი არა ხარო, შეაკვდებით იმ წუთში. ხშირად გიჭირთ ადამიანად ყოფნა, მაგრამ არ შეგწევთ ძალა, რომ ასეთ ყოფნაზე უარი თქვათ.
ნუთუ არც ერთ თქვენთაგანს არ მოგნატრებიათ თევზაობა?
მე ვიცი, რომ ხშირად ფრინველად ყოფნას ნატრობთ ხოლმე. ამით ხომ გაურბიხართ ადამიანურ ყოფას.
ჰაა?..
თევზი».
«გამიხარდავ!
ჩვენ როცა ვნატრობთ, ნეტავი ჩიტად მაქცია, ერთი გავფრენილიყავიო, მაშინ ადამიანად ყოფნას და ფრენას რომ ვნატრობთ, ამას იმიტომ, რომ ადამიანად ყოფნა გავალამაზოთ, მეტი თავისუფლება მოვიპოვოთ ფრენით.
ადამიანები ერთიმეორეს ვჭამთ მიწაზე?..
შენ შეიძლება მართალი ხარ. განა შენც გაჭირვებას არ გაექეცი?
შენ ვერ გაუძელ ადამიანურ გაჭირვებას და იმიტომ გაგვიდექი. ჩაიხედე შენს გულში: გაჭირვების გულისათვის ვინც გაექცევა ადამიანებთან ყოფნას, ის განა თევზად კი გამოდგება?
განა თევზებს არ უჭირთ?
რატომ არ ამოდიან ხმელეთზე, როცა ნიაღვარი მოდის?
განა თევზები კი არ ჭამენ ერთიმეორეს.
ჯერ ეშინიათ შენი და ალბათ, ვერც კი გეკარებიან ახლოს. ეს იმიტომ, რომ მაგათზე ძლიერი ხარ. აბა, სისუსტე შეგამჩნიონ, იმ წუთში ისე გამოგხრავენ, ძვლებსღა დასტოვებენ შენგან. უყვირე მერე, რამდენიც გინდა, თევზი ვარ, თევზი-თქო!
გირჩევნია, დროზე გამოხვიდე, თორემ მე მგონი, რაც გითხარი, ის არ აგცდება.
ხალხს არ უნდა გაექცე, არა!
ლუკა».
«ჯერ ერთი, რომ მე თევზი ვარ და არა გამიხარდაი, როგორც შენ მწერ, მერე _ რომელ თავისუფლებაზე მელაპარაკები? თქვენ გინდათ თავისუფლება და ჩიტად ყოფნას იმიტომ ნატრობთ? მერედა თუ გიყვართ, რატომღა იმონებთ ერთიმეორეს. თავისუფლება კი არა, უფრო მეტად ერთიმეორის დამონება და დამცირება გიყვართ.
შენ მართალი ხარ, მე ვერ გავუძელ ადამიანურ გაჭირვებას და თევზად ვიქეცი. მერე რა არის ამაში ცუდი? მე თევზად ყოფნა მსურს.
თევზად არ გამოვდგები? მერე რა, მოვკვდები ისე, როგორც მინდა, თევზად.
სიკვდილისა კი არ მეშინია. ეს ადამიანებს გეშინიათ, ჩვენ არა.
რატომ არ მეშინია?
იმიტომ, რომ სულს არც დასაწყისი აქვს და არც დასასრული.
თევზი».
«თევზო!
შეიძლება სულს მართლა არა აქვს დასაწყისი და დასასრული, მაგრამ ეს კი ცხადია, რომ ადამიანში მდგარი სული თევზის სული ვერ იქნება, სხეული მატერიაა, მატერიას ფორმა აქვს, ფორმა დროს ემორჩილება. სულმა შეიძლება სხვადასხვა სხეული გამოიაროს, ოღონდ ამ სხეულებმა, წესის მიხედვით, ამ სულში თავიანთი გარკვეული ფორმა უნდა დაასრულონ. მერე შეიძლება კაცის სული თევზს ჩაუსახლდეს, მაგრამ არა მგონია. ასეც რომ იყოს, ის მაინც აღარ იქნება ის ადრინდელი სული, მას ყველაფერი დავიწყებული ექნება, სრული დავიწყება კი დასასრულია. ეს კი იმას ნიშნავს (თუ მართლა ასეა), რომ სული სხეულთან ერთად ასრულებს თავის არსებობას. წინააღმდეგ შემთხვევაში, სული აგრძელებს თავის არსებობას, ოღონდ იმას უნდა ახსოვდეს, და თუ ახსოვს ადამიანის სულს, მაშინ ის ისევ ადამიანის სულად რჩება და მატერიის გარეშე აგრძელებს ადამიანობას. ასე რომ, შენ არც ერთ შემთხვევაში არ შეგიძლია თევზად ყოფნა. სურვილი ერთია, არსი კი მეორე.
განა ჩვენ არ გვიჭირს? კი, მართალი ხარ, ჭირს, ძალიან ჭირს, მაგრამ ყველანი რომ შენსავით წყალში ჩავსხდეთ და ვიძახოთ, თევზები ვართო, რა გამოვა? ახლა მანდ დავერევით ერთმანეთს და საინტერესოა, მერე სადღა გაიქცევი, ალბათ თევზად ყოფნაზეც უარს გვეტყვი.
ჯობია, მობრუნდე. ხომ ხედავ, როგორ ტირიან შენი შვილები.
ლუკა».
«სულს უფლება აქვს აირჩიოს ის, რაც მას სურს.
ამაზე ხომ უარს ვერ მეტყვით.
ჩემ სულს არ უნდა ადამიანებთან ყოფნა და სრული უფლება მაქვს, ვიყო თევზი.
სულს დავიწყება შეუძლია, ხომ?
მეც დავივიწყებ ადამიანებს. მორჩა და გათავდა.
თევზი».
«ადამინებს ვერ დაივიწყებ, შენ სულს ყოველთვის ემახსოვრება ადამიანური სიხარულით და მწუხარებით სავსე წუთები.
შენ სულს ყოველთვის ემახსოვრება მარტოობის ტკბილი სევდა.
შენ სულს ყოველთვის ემახსოვრება ადამიანური ცოდვა-მადლი.
შენ სულს ყოველთვის ემახსოვრება ღმერთი, რომელიც შენ გწამდა და თუ არ გწამდა, მაინც გყავდა არსებაში.
შენ სულს ყოველთვის ემახსოვრება ადამიანები, რომლებიც შენს გარშემო იყვნენ.
შენ სულს ყოველთვის ემახსოვრება მიწა, რომელზეც შენ დადიოდი.
შენ სულს ყოველთვის ემახსოვრება ის საგნები, რომელთაც შენ შეეჩვიე.
შენ სულში ყოველთვის იქნება შიში, არყოფნის შიში.
და ვინ იცი, რამდენი სხვა რამე.
ვინ იცის, შეიძლება შიმშილმა ერთ კვირაში დაგაბრუნოს ადამიანებთან. მერე ესეც დიდხანს ემახსოვრება შენს სულს.
მოკითხვას გითვლიან შენი შვილები.
გელით.
ლუკა».
«მე აღარაფრად მიმაჩნია, ადამიანური სიხარულით სავსე წუთები, არც მწუხარება.
მარტოობა თევზებსაც შეგვიძლია.
ღმერთი ისე დგას ჩვენში, როგორც ადამიანებში.
თევზებსაც გვიყვარს ერთიმეორე. წყალი უფრო მეტად, ვიდრე თქვენ მიწა, რომლის გულისთვისაც ერთიმეორეს ჭამთ.
არყოფნის შიში?
და განა მარტო ადამიანებს გაქვთ ეს შიში?!
როგორც არ უნდა მომშივდეს, ადამინებთან არ დავბრუნდები.
შვილები მყავდა? აღარ მახსოვს...
მე გადაწყვეტილი მაქვს, აქ ვიყოლიო შვილები. სხვა რა დამრჩა კიდევ თქვენთან? არაფერი, მიწაც თქვენ გქონდეთ და საჭმელ-სასმელიც, მე გამანებეთ თავი. დავიწყებაში ხელს ნუ მიშლით.
თევზი».
*
მესამე დღეს ისევ მოიყარა არაგვის ნაპირზე სოფელმა თავი. ზოგმა რა წინადადება წამოაყენა, ზოგმა რა.
_ თუ ორ დღეში არ გამოხვალ მანდედან, მერე იძულებული ვიქნები, საყვედური გამოგიცხადო და კოლმეურნეობიდან გაგრიცხო. იმიტომ, რომ ხალხს აცდენ. _ დაუძახა თავმჯდომარემ. იმან კი ხმა არ გასცა, ვითომ ვერ გაიგონა.
ერთხელ კიდევ მოვიდა მილიციელი და ოქმის შედგენით დაემუქრა «თევზს». მის საპასუხოდ იმან უფრო ქვემოთ ჩაიწია ჩანჩქერისაკენ.
არაფერმა არ გასჭრა, არც კი უყურებდა ხალხს. დროდადრო წყალში ჩაიყურყუმელავებდა.
იმ ღამეს მთვარემ გააკაშკაშა მიდამო და ხალხმა დაინახა, როგორ ეხვეწებოდა წყლის პირას მდგარი ფეხშიშველი პატარა გოგო გამიხრდაის:
_ მამიკო, გამოდი რა! ოღონდ გამოდი და არასოდეს არ გაგაბრაზებ. კანფეტებს გიყიდი. ნუ იქნები თევზი, გეხვეწები.
მერე ხვეწნით რომ ვერაფერი შეასმინა, ტირილით წამოვიდა სოფლისაკენ პატარა გოგო.
იმ ღამესვე აჯანყდა ხალხი. შეიკრიბნენ და მითხრეს, დილით წერილი მისწერე, თუ არ გამოვა, იძულებული ვიქნებით, ძველი წესით მოვიკვეთოთო.
_ ნუ, თქვენი ჭირიმე, _ შეეხვეწა ხალხს იმისი ცოლი, _ ნუ დამღუპავთ, ჯერ დავაცადოთ, იქნებ მორჯულდეს ეს საშავეთო, ეგა!
_ ერთ დღეს დავაცდი და მერე მეტი გზა არ არის. თუ მაგას არ ვუნდივართ, ჩვენ სადამდე ვეხვეწოთ, _ თქვა დეკანოზმა მწარიამ და მერე მე მომიბრუნდა:
_ დილით მისწერე, შუდღემდე თუ არ გამოვა, ხალხს შევყრი და მოვიკვეთავთ. სად გაგონილა, ადამიანს ადამიანობა არ უნდოდეს. ეგ ღმერთის გმობა არის და მეტი არფერი. ვინ მისცა მაგას უფლება, ხალხი მასხარად აიგდოს და წინ წაუაროს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ადამიანობაზე როგორ ამბობს უარს. მაშინ ჩვენ რანი ვართ, აღარაფერი... ეგაც არაფერი, ღმერთს როგორ იგდებს მასხარად, იმას რომ სდომებოდა, გაუჭირდებოდა მაგის თევზად გაჩენა, თუ რა? თევზი უფრო იოლი გასაჩენი არ არის? ფუი! გაწყდეს მაგ კაცის სახსენებელი. რისთვის ააწყვე ღმერთო, მაგისი ძოლმანი, ან შენი წმინდა სული რად ჩაუბერე ეგეთ უმადურს...
კარგა ხანს ირისხებოდა მწარიაი და ხალხიც უსმენდა.
მეორე დილით წერილი მივწერე გამიხარდაის:
«თევზო!
შენ, შენი საქციელით ხალხს შეურაცხყოფა მიაყენე, შენ რომ უარს ამბობ ადამიანობაზე, მაგით სხვებსაც რწმენას უკარგავ. თანაც ფსიქოლოგიურად მოქმედებ საზოგადოებაზე. ძალაუნებურად შენზე ფიქრობს ხალხი. როგორ გგონია, მაგათთვის ადვილი ხომ არ არის, უცებ დაგივიწყონ და შენზე სულ არ იფიქრონ. გიჟი რომ იყო, სხვა საქმეა, შენ კი სრულ ჭკუაზე ხარ.
როგორ გეხვეწებოდა წუხელ შენი პატარა გოგო, გამოდიო. ყველას გული ჩაგვეთუთქა, შენ კი ხმაც არ გაეცი.
გამწარებულია ხალხი და დამავალეს გადმოგცე, რომ თუ შუადღემდე არ მოუბრუნდები ადამიანებს, ისინი შენ მოგიკვეთენ. შენ თუ იმათზე აცხადებ უარს, იმათაც ხომ აქვთ თავმოყვარეობა.
ნუთუ ამისი მაინც არ გეშინია? ზამთრის პირზე რომ აცივდება, მაშინ ხომ გადმოსვლა მოგიწევს. წინააღმდეგ შემთხვევაში გაიყინები.
თუ მოგიკვეთეს, მერე ვისღა მიადგები კარებზე?
დაფიქრდი... შუადღემდე დრო გაქვს.
ლუკა».
«ძლივს არ მოიფიქრეთ?
ადამიანის მოკვეთა თქვენი ძველისძველი ხერხია, სხვათაშორის, თევზებს არა გვაქვს ეგეთი კანონები.
მე თქვენზე უარი განვაცხადე და თქვენ ეს შეურაცხყოფად მიიღეთ. აუჰ!.. როგორი პატივმოყვარეები ხართ. მაშინებთ იმით, რისიც არ მეშინია. მე ხელს მაძლევს კიდეც მოკვეთა, უფრო დამეხმარება თქვენს დავიწყებაში. კარგია, კარგად მოგიფიქრებიათ, მერე მაინც გამანებებთ თავს.
გამწარებული ხალხი? _ რა სასაცილოა, ვინ იცის, რამდენი მოძმე მოუკვეთიათ და რამდენი ყოფილა იმათში მართალი.
ზამთრისა მეშინია? _ სულაც არა. მე თანდათან შევეჩვევი წყალში თევზად ყოფნას. შემოდგომამდე ყვინთვას ვისწავლი და წავყვები არაგვს თბილ ქვეყნებისაკენ. თქვენ კი, როგორც გინდათ, ისე მოიქეცით. მე ადამიანებზე იმაზე უწინ განვაცხადე უარი, ვიდრე ისინი უარმყოფდნენ, ამიტომ მაგ მოკვეთისა არ მეშინია».
თევზი».
*
მე თევზის წერილი ხალხს წავუკითხე. იმათ საშინელი ჩოჩქოლი ატეხეს და შუადღისას თემის საყრილობო გორაზე მოგროვდნენ.
დიდი ხანია, რაც ამ გორაზე აღარ შეყრილან. ამას მოწმობს დასარისხებელი სამნები, რომელთაც ოდნავღა ამოუშვერიათ მიწიდან სანთლით შემურული კბილები.
ვინ იცის, რამდენი ადამიანი მოუკვეთიათ აქ. მერე რა საზარელი სიტყვა არის: «მოკვეთა!»
_ მიწა იზრდება, ხედავთ, ხალხო! _ სამანებზე წამოზრდილ მიწას დაადო მწარიამ ხელი.
შეკრიბეს სანთლები და აანთო მწარიამ.
ხალხი გამტკნარებული ელის რისხვის დაწყებას. დეკანოზს ხელზე ეღვენთება სანთელი და სიჩუმეში ვიშის ჩხრიალივით ისმის იმის ხმა:
«ღმერთო! შენ ხარ სადიდებელი!
ღმერთო! შენ ხარ სახსენებელი!
შენგან შექმნილმა ადამიანმა ადამიანობაზე უარი განაცხადა და ამით ხალხსაც შეურაცხყოფა მიაყენა, შენზეც უარი თქვა.
ნუ გვიწყენ დალოცვილო, უმადურობაში ნუ ჩამოგვართმევ, ჩვენც უარი გვინდა განვაცხადოთ მასზე.
დღეის მერე ნუღარავინ მოიხსენიებს გამიხარდაის ადამიანთა შორის.
ნუღარავინ დასძრავს იმისთვის სიტყვას. ნუღარავინ აუნთებს სანთელს.
ნუღარავინ გაუღებს სახლის კარებს.
ნუღარავინ მიაწვდის პურს.
დღეის მერე მოკვეთილი იყოს ჩვენგან!
_ ამინ! _ დაიგუგუნა ხალხმა.
_ ღმერთი გაუწყრეს ხალხის პირის გამტეხს!
_ ამინ! _ ისევ ამოიხრიალა ხალხმა.
მწარიამ სანთლები მიწიდან ამოშვერილ სამანზე მიაკრა.
ხალხი ჩურჩულით ჩამოდიოდა გორიდან.
გამიხარდაის ცოლი ტირილით მოჰყვებოდა უკან. კაბის კალთაზე ბალღები ჰყავდა გამობწკნეული.
*
ერთი კვირა გავიდა იმის მერე, რაც გამიხარდაი წყალში ჩაჯდა. იმისი შვილები მოსვენებას აღარ მაძლევენ _ მისწერე, რომ გამობრუნდესო.
რამდენი რამე მივწერე, მაინც არ გამოვიდა. აღარც წერილებს მიბრუნებს. შიმშილმა ძვალ-ტყავადღა აქცია. ეტყობა მართლა არ აპირებს გამოსვლას.
წუხელ ჯერ ჭექა-ქუხილი ატყდა, მერე კოკისპირული წვიმა წამოვიდა.
_ იქნებ ნიაღვრის შიშით გამობრუნდეს, _ თქვეს სოფელში და არაგვისკენ დაიწყეს ყურება.
ცოლ-შვილი, შეშინებული, ტირილით ეხვეწებოდა, გამოდი, თორემ არაგვი ადიდებულია. იმან ერთ მაღალ ლოდზე აიწია აღმა.
მთელი ღამე ლოდები მოჰქონდა არაგვს.
მეორე დღეს ხალხის ხმაურმა გამომაღვიძა.
იმ ღამეს არაგვს შეშა გამოერიყა და მთელი სოფელი ჭალაზე იყო მოფენილი. ერთიმეორეს აღარ აცლიდნენ შეშის შეგროვებას. ცულები ეჭირათ და ყველა ხეს თავის ნიშანს უკეთებდნენ. ერთი რომ დანიშნავდა, მეორე გადაუშლიდა მალვით და თავის ნიშანს ადებდა. ვერაფრით ვერ მორიგდნენ და საჩხუბრად დაერივნენ ერთურთს.
გამიხარდაის თავი ამოეყო მღვრიე წყლიდან და ჩემ დასანახად იცინოდა. მერე წერილი მომწერა:
«და ამის მერე კიდევ მეტყვი, ადამიანებთან მობრუნდიო?
შეხედე შენს ადამიანებს!
თევზი!»
მე აღარ მივწერე წერილი. იმ წუთში მართლა უაზროდ მეჩვენა ადამიანთა გამართლება, მაგრამ ისე კი არა, რომ გამიხრდაის მხარზე ვყოფილიყავი. უბრალოდ, ისეთი არასასიამოვნო სურათი იყო! ქალი და კაცი ერთმანეთს სცემდა არაგვისაგან გამორიყულ შეშას. იყო საშინელი წივილ-კივილი, გინება, შეშის გატაცება ერთი ხალიკიდან მეორისაკენ. მერე გული რომ იჯერეს და თავ-თავისი წილი შეშა დაახალიკეს, ერთიმეორეს უმძრახად გაუხდნენ და ისე წავიდნენ სოფელში.
იმ საღამოსაც მოიღრუბლა და უარესად ჩამობნელდა. მთელი ღამე დგანდგარებდა არემარე. საზარელი ხმით მოდიოდა არაგვი.
მე მგონი არავის სძინებია იმ ღამეს.
მეორე დილა კი ასეთი იყო:
არაგვის ღორღიანი ჭალა. ჭალაზე კუპრივით მღვრიე არაგვი. არაგვის ნაპირზე თითო-ოროლა კაცი დგას აქა-იქ.
არაგვს იმ ღამეს სულ წაეღო გუშინღამით მოტანილი შეშა. აღარავისთვის დაეტოვებინა ერთი ნაფოტიც კი. ისინი გუშინდელ ნახალიკარ ადგილებთან იდგნენ და ნაჩხუბრებს ერთიმეორისათვის ხმის გაცემა რცხვენოდათ. იმათ შორის ნიაღვრისაგან დამხრჩვალი თევზები ეყარა აქა-იქ.
მარტო გამიხარდაი აღარსად ჩანდა. იმისი ცოლი თმაგაშლილი მისდევდა შავ არაგვს და უკან ბალღები მისდევდნენ გულამომჯდრი ქვითინით.
ამ უბედურმა შემთხვევამ გამოაფხიზლა ნაჩხუბარი ხალხი და ისევ ერთად შეკრა. უბედურებამ ყველას დაავიწყა წყენა და არაგვს გაეკიდნენ დაკარგული ადამიანის დასაბრუნებლად. ისე გულსაკლავად მისდევდა ეს შავოსანი ხალხი აბობოქრებულ არაგვს, რომ უნებურად გავიფიქრე: «ღირს! ღირს!», და მეც იმათ გავყევი უკან.