Litclub.ge

*** "მე ვერ მოვკვდები"
მე ვერ მოვკვდები ამ მკვდრულ ყოფაში,
მე ვერ მოვკვდები ამ მკვდარ ქალაქში;
მე ვერ მოვკვდები ამ ყრუ ოთახში, _
გამოღამებულ თავის ქალაში.
მე დავიღალე, – ცისფერ ზღაპარში
ყოველდღიური შხამის წვეთებით;
ჩემივე სულის დახშულ საკანში
განუწყვეტელი ჩემი წყვეტებით.
მე რა მინდოდა აქ – ამ კუბოში!
აქ ყოფნა მართლა არის უცები...
...წავალ, მშობლიურ მთების უბეში
დასჯილ ბავშვივით გავისუსები.
ოჰ, მშობლიური მთების წვეტებო,
მოვალ, თქვენს ჩრდილებს შევეკედლები
განუწყვეტელი ჩემი წყვეტებით...
მარადიული ჩემი ვედრებით.
ოჰ, მშობლიურო სოფლის ბინდებო,
(ქალაქში სულებს ხრავენ სულები...)
ერთხელაც თქვენთან ავბიბინდები
და მერე მშვიდად აღვესრულები.