მართლაც გმირობაა საარაკო,
გმირობა დედა-ენის, –
მე რომ ჩემს ენაზე ვლაპარაკობ,
მე რომ ჩემს ენაზე ვმღერი.
მართლაც ახდენილი სიზმარია,
მართლაც ცისკარია დილის, –
მე რომ ჩემს ენაზე მიხარია,
მე რომ ჩემს ენაზე ვტირი.
მანამ უნეტარეს წუთს
სული ლაჟვარდებში მიჰყავს, –
სანამ ჩემს ენაზე მძულს,
სანამ ჩემს ენაზე მიყვარს.
ჩემი ხომალდების ქიმს
ბრძოლის ქარტეხილი ახლავს, –
სანამ ჩემს ენაზე ვქმნი,
სანამ ჩემს ენაზე ვმარხავ...
იმ ერის სიცოცხლე ხამს,
იმ ერის სიცოცხლე ღირს, –
რომელსაც რუსთაველი ჰყავს,
რომელიც გალაკტიონს ზრდის.
და მანამ იქნება საარაკო
გმირობა დედაენის, –
სანამ ჩვენს ენაზე ვლაპარაკობთ,
სანამ ჩვენს ენაზე ვმღერით.