Litclub.ge

თქვენ გინდათ ქალი...
თქვენ გინდათ ქალი მშვენიერი, ლბილი და ნაზი,
მშვიდობიანი, კრძალულებით ღიმილის მჩენი,
არ დაუსერავს ვისაც სახეს მახვილი ბრაზის
და ვინც უსიტყვოდ შეიქნება მორჩილი თქვენი!
თქვენ გავაზივით ქალი გინდათ, /ვით პოეტს უთქვამს!/
მშობლის და ბედის ნებიერი – ხორცსავსე ევა,
რომელიც ძილში არ იკვნესებს და წყნარად სუნთქავს
და არ აწუხებს ფეხქვეშ მიწის დრტვინვა და რყევა.
თქვენ გინდათ ქალი ხვავრიელი, როგორც კახეთი,
მოსავლიანი, როგორც ქართლში ვაშლის ბაღები,
რომელსაც თვალში მხოლოდ ცივმა მთვარემ ჩახედა
და ღამის ცრემლებს ურჩევნია დილის ნაღები.
თანაც გსურთ ქალი მტკიცე ნების, შემკული გონით,
წიგნიერებით, წრფელი გულით – ჭირთა გამძლები,
რომელსაც ძალუძს გამოძებნა წარღვნისას ფონის
და ვერც სიტყვაში მოუგებენ სხვა პატარძლები.
გნებავთ მამაცი, ყველგან სანდო, სჯულის, ადათის
ბურჯი და მცველი, საძირკველთა დუღაბის მსხმელი,
რომელიც კუნძზე თავს ჩამოდებს და იმას დარდობს,
რომ საკინძეში ჩაუხედავს უგვანი მკვლელი.
თქვენ გინდათ, გინდათ, თქვენს რჩეულში გამოისახოს
ყოველი დროის ღირსეული დედათ სიკეთე,
აბრეშუმისა გირჩევნიათ ბამბის ცხვირსახოცს, –
ქეთევანს გინდათ ჰგავდეს, სადილს ვინც გაგიკეთებთ...
მე ვერას ვიტყვი, შესაძლოა თუ არა ამა
უძვირფასესი ღირსებების ერთ ქალში პოვნა,
მე არას ვიტყვი, ასე უნდა კაცსა და მამას,
რაღაც კარნახობს... და ბუნდოვნად წარსულის ხსოვნაც...
ქართველო ქალო, ხედავ შენგან ითხოვენ რამდენს
შენი მომავლის სასიძონი და მეუღლენი,
ხედავ რარიგ სურთ, რომ ელვარე იდეალს ჰგავდე –
საუკუნეთა ტვირთის ზიდვით წელმოუღლელი,
დღეს გთხოვენ, ახლა, როცა შენი წილხვედრი ჟამი
ათას საზრუნავს, მამაკაცურს, დაუტაცია,
როცა შენ სულის მოსათქმელად არ გრჩება წამიც
და აბრეშუმის ნაცვლად ტანზე ჯაჭვი გაცვია.
არავინ გკითხავს, შენ როგორი სიცოცხლე გსურდა,
შენ ვინ გინდოდა სარეცლის და ჭირის ზიარად,
არავინ გკითხავს, აშენე და გაათბე ბუდე,
ვითომ სიკვდილის საფრთხემ უკვე გადაიარა,
ვითომც არ იყოს ჯაბანი და ფშუტე ყვარყვარე,
ერთიც, მეორეც, ვინც წინაპრის ძვლებზე დადიან...
ქართველო ქალო, ის ფარ-ხმალი რად გადაყარე,
ქართველო ქალო, კარგად იცი რა გაბადია?
რატომ არ იტყვი, რომ აღარ ჰგავს კაცი შუქურას?!
რატომ არ ჰკივი, დედო ზარებს რად არ არისხებ?!
ოცნებას შენსას კაცმა კარი გამოუხურა
და წარჩინების ელოდება მხოლოდ ხარისხებს!
ქართველო ქალო, ნუ მოუსმენ სუფრის თამადას,
დროს მოუსმინე და იმედის ნასახლარს წმინდას,
ქართველო ქალო, ექმენ სულის სარკედ მამათა,
ღმერთმა ინებოს, შენ რომ დიდი სიცოცხლე გინდა!