Litclub.ge

ჩემი ავაზა
წყვეტილი, წყვეტილი, წყვეტილი ხაზები,
ლანდშაფტი – მთების და ტრამალთა.
და ფონზე სიმწვანის – ჯგუფი ავაზების
უფრთოთა და მაინც ფრთამალთა.
ყველაზე ლამაზი ავაზა ჩემია,
ყველაზე ვერაგი და დაუნდობელი
და ბედს ვურიგდები, რაღა დამრჩენია,
არ მსურს სხვათა მარცხი და... მაინც
მოველი.
უნდა გავამხნევო, უნდა მოვეფერო,
უნდა წავაქეზო: ჯიქურ და ლამაზად!
თვალებით მამშვიდებს – ნუ სწუხხარ,
ბებერო,
კვლავაც არ შეგარცხვენს
ერთგული ავაზა...
წყვეტილი, წყვეტილი, წყვეტილი ხაზები
მათი ნახტომების, მათი სხეულების,
ო, რა თავგანწირვით რბიან ავაზები –
რჩეულ წიაღიდან მხოლოდ რჩეულები.
პირველი ჩემია! რა გასამხელია
და მე მიხარია, რომ იგი ჩემია...
ავაზის თვალები მზესავით ცხელია,
გმადლობ ზენაარო... რაღა დამრჩენია!