Litclub.ge

ცირას
მას შემდეგ ბევრი გავიდა წელი,
დღეს ჩემს თვალებში ბავშვობა არ ჩანს,
მე მახსოვს შენი სათუთი ხელი
მიმსუბუქებდა დაკვრის დროს მაჯას.
მე მახსოვს შენი ქალური მზერა,
გულში ჯერ უცნობ ხანძარს მინთებდა,
მიყვარდა შენი ტკბილი სიმღერა,
ბავშვი მომხიბლეს შენმა თითებმა.
დღეს ისევ შევხვდით დიდი ხნის შემდეგ,
გულს შემოენთო ცეცხლი ახალი,
მე შენს წინაშე ბავშვივით შევდექ,
თუმცა ბევრით ვარ შენზე მაღალი.
გადაეცალნენ წარსულს ღრუბლები,
ახლა სულ სხვა ვარ, სხვა ვიყავ მაშინ,
დავაჟკაცდიო... მე მეუბნები,
შენ კი ჭაღარა მოგიჩანს თმაში.