გვქონდა პირობა მიცემული ერთმანეთისთვის -
გვსურდა შეხვედრა, უფრო მეტად ჩადენა ცოდვის.
ინსტიქტებს ვენდეთ -
და ასეთი პირობა იყო:
A და B პუნქტებიდან ჩ პუნქტისაკენ
ერთმანეთის შესახვედრად და ასე შემდეგ...
ჰოდა, ჩვენც შევხვდით -
დათქმულ დროს და ზუსტად ჩ პუნქტში,
(ასეც ვიცოდი) -
ჩ პუნქტია შუა წერტილი!
A და B ბოლო წერტილები გადავდეთ გვერდზე,
ჩამოვაფარეთ რიდე სარკეს,
რომელიც ადრე გვირეკლავდა ცალკე პუნქტივით
და მას შემდეგ ამაოდ გვეძებს.
ჩვენი სუნთქვის დიალოგის გავუშვით ტიტრი
და დავრჩით ჯამი: ერთს + ერთი,
ორის ვალსი... ისე მოვეშვით, ახლაც ვარკვევთ ,
თურმე რამდენ ხანს გვიძებნია საერთო რიტმი.
მოცემულობის თანახმად კი დაგვრჩა შემდეგი:
ჩ პუნქტიდან A და B პუნქტებისკენ და ასე შემდეგ...
კითხვის დასმამდე თავს ვიკავებთ, მერე კი ვხვდებით:
პასუხებიდან რომ არცერთი არ არის სწორი!
პუნქტი A და B, ვცხოვრობთ ცალ-ცალკე,
სახლები მშვიდი, მთვარე მოხრილი
სანამ დრო არის - ცოტა მაცადე -
ჩ ქოხს ავაგებ ერთად ყოფნისთვის!