როგორ მებრალება
ხარი ალოკილი,
ჩემი საქართველო _
ტოტებგაროკილი...
ვინმეს სახელი რომ
ვერ თქვა უბატონოდ,
ყველამ მიატოვა,
დარჩა უპატრონოდ...
ნაძვის ხის ტანივით
შვილებმოწეული,
შიგნიდან დამსკდარი
მწიფე ბროწეული...
სხვისი მამელუკი,
ჩვენი გაყიდული,
ხმელი გირჩასავით
ფესვზე დაკიდული...
ხელში დასაჭერი,
ვარდად გაჩენილი,
მოტყუებული და
სახტად დარჩენილი...
როგორ მებრალება
შუბლზე ალოკილი,
ჩემი საქართველო _
ტოტებგაროკილი...
ვინმეს სახელი რომ
ვერ თქვა უბატონოდ,
ყველამ მიატოვა,
დარჩა უპატრონოდ.