ბევრი დღე-ღამე გამოვიგლოვე
ჭმუნვა-ჭიდილში ბედის ავდრებთან...
ყოველი წუთი სევდას მიტოვებს,
ის კვდება მხოლოდ, რაც იბადება!
სიბერე მტაცებს ნელ-ნელა ძალას
და ფერდშელეწილ ქარს ვგავარ მკივარს...
ტკივილებს ზოგჯერ ქურდივით ვმალავ
და რასაც მალავ, ის მეტად გტკივა!
ვის ესმის სულის გვემა და ტანჯვა,
მოდის სიბერე, როგორც აფთარი
და შეშლილს ლექსი გისინჯავს მაჯას,
ლექსი-ტკივილთა თავშესაფარი.
ჯერ ისევ ცისკენ გეწევა ფრთები
და მიუწვდომლის მიწვდომას ლამობ
და უსიკვდილო სიკვდილით კვდები
ყველაფრისა და... არაფრის გამო!
დრო აფთარია და კიდევ აფთრობს,
ზღვებს მთებად აქცევს,
მთებს კიდევ-ზღვებად...
გამოგლოვილი დრო, _ ღმერთის სატრფო, _
დაუტირებელ კუბოში წვება...