ქარი-გრიგალი, ქარი-ვერანი,
მზემ ოქროსფერად ზეცა გაფერა...
სულში ჭიხვინებს ტატოს მერანი,
მიხმობს მის მხედარს ცაში საფრენად.
გული-დამფრთხალი შველივით მიცემს,
მიმაფრენს ბედი, ო, ნეტავ საით?..
ლექსი ველური კოსმიურ სივრცეს
მიაპობს, მიჰქრის რაკეტასავით.
თითქოსდა ვისმენ ვარსკვლავთა შიშინს
ცა მთვარეს თავზე გვირგვინად მადგამს
და ფერფლადქცევის სულ არ მაქვს შიში,
სული არ იწვის, არ იწვის რადგან!
ღმრთის საუფლოში გრგვინვა-გრიალი
ჯილდოა უფრო, ვიდრე წამება:
ვარ უკვდავების თანაზიარი,
თავდებად მიდგას წმინდა სამება!..
ტანჯული ქვეყნის შვილი ვარ ვიდრე,
ტკივილი როგორ გავიადვილო?!.
ზეცის სავანე რომ დაიმკვიდრო,
უნდა ეწამო და იმარტვილო!..
.................................................
თენდება... მთვარე-სულის მერდინი _
თითქოს მზის ახლოს,
მზის ჩრდილში მიწვა...
გზა მელის გრძელი, რომ განწმენდილი
კვლავ დავუბრუნდე მშობლიურ მიწას.
ვინ დამიწესა გზა უსამანო,
სანამ იქროლებ ფრთებით ოცნების?..
ცა ბუჩქს ჰგავს-გაშლილ იასამანის,
მიწაზე ვკვდებით, ცაში ვცოცხლდებით!
...............................................
მზემ გაიტაცა ეს დღეც კაეშნის, _
მტოვებს წუთები ცრემლმორეული
და მიშლიგინებს ცის ლაჟვარდებში
ოქროსდეზება ლექსი ველური.