ლიხს იქით და ლიხს აქეთ,
სოფლადა თუ ქალაქად, –
თურმე ზარი ეკიდა
საგანგებო ალაგას.
და მტერს უპირველესად
წინ ხვდებოდნენ ზარები,
იღვიძებდა ქვეყანა
ამ ზარების ბრძანებით.
გუგუნებდნენ, უხმობდნენ
მეგუთნეს და მოისარს,
ქუდზე კაცს ეძახოდნენ,
სპას საქართველოისას.
გასძახოდნენ ზვიადად
ქუჩებსა და მოედნებს...
ზოგი – ხეზე ეკიდა,
ზოგი – სამრეკლოებზე.
იყო დრო ძალადობის,
ჟლეტის, გადაგვარების,
მაგრამ გუმბათებიდან
გრიალებდნენ ზარები:
– ნაუუუ!.. ფრთხილად, გასძელით,
ჟამი დგას მოჟამული!
არ გაყიდოთ ნამუსი,
რჯული, ენა, მამული, –
თავზე გვადგა ღრუბელი,
თუ ცხელი მზის ლივლივი,
საქართველოს ზარები
გრიალებდნენ ჰიმნივით.
გასძახოდნენ ზვიადად
ქუჩებსა და მოედნებს,
ზოგი – ხეზე ეკიდა,
ზოგი – სამრეკლოებზე.