Litclub.ge

ჩაი მოცხარით
ველევი სითბოს,
შელევა კი  ძნელი ყოფილა,
იმაზე ადრე ჩამივარდა  ხელში ლოცვანი,
ვიდრე ცოდვებზე ვიტირებდი...
მერე შორიდან
არაფერს ვიტყვი,
ახლოს მოვალ ჩაი მოცხარით.

დავლიოთ,
სანამ ეფერება ფოთლები ტერფებს,
სანამ ცივა და
სიცივე კი ტანზე არ გაცვდა,
ვიყო სიტყვების საწყობიდან ამბის მომტანი,
შენთვის რომ მეთქვა.
შენზე მეთქვა.
შენამდე...ალბათ.

ჭაღარებსაც კი სუნი მოაქვთ
ზამთრის ფიჭვების,
ნოემბრის დილაც ნამზე შენი სუნით
ჩამოჯდა,
ჩანასახივით მზე დარჩება
ღრუბლის მუცელში,
თუმცა ცხრა თვეც არ დასჭირდება
გარეთ გამოსვლას.

ველევი გრძნობას,
სა-გრძნობ(ლ)ად კი დღეებიც მყოფნის,
ატანა უნდა ზამთარსაც და
ფოთლებს ტერფფეხქვეშ,
დავიწყე უკვე,
ხასიათი მიმაქვს მარაგში,
ჯერ შენ მოდი და გამიღიმე,
მე კი-შენს შემდეგ.