Litclub.ge

მკითხველთან შეხვედრის მცირე ოდისეა

 

ერთხელ ერთ ლხინში
ვიღაც უცხო მოდგა სუფრასთან,
თამადა შეცბა, მაგრამ მაინც არ გაუბრაზდა.
უცნობმა სიტყვა მოითხოვა, მკითხველი ვარო
და მგოსნებს ისე მოგვაჩერდა, ვით წიგნის თაროს.
ჩემივე ლექსით მადღეგრძელა...ვერ იყო ფრთხილი...
თითქო აჩაჩულ პერანგიდან დასცვივდა თხილი,
მსხვილ–მსხვილი, ცხენისძუძუსთავა, სხივ–ჩინჩხლიანი
და კერკეტ სიტყვას გასდიოდა ჩხრიალ–ჩხრიალი.
სარდაფი გადნა და შეითხზა ანტიკურ მღვიმედ
და ეშვებივით ილესავდა ვარსკვლავთა ქიმებს.
შური წამოდგა, გაიზმორა და გაიფოფრა 
და აიზლაზნა...გადაიქცა ყეყეჩ ციკლოპად.
მშიერი იყო ის ოხერი...ჰოდა წინასწარ
თითო–ოროლა მეგობარიც გადამისანსლა.
მერე მთასავით დაეყუდა მღვიმის კარებთან
და უსიკვდილოდ აღარავის გაგვატარებდა.
წეღან რო რიხით კაცთმოყვარულ საკითხებს წყვეტდნენ,–
ახლა ნაწვიმარ ფრესკებივით შეაშრნენ კედლებს.
წამით შეჩქვიფდნენ მაცქერალნი სამოთხისაკენ
და წმინდანები ეშმაკებად გამოისახნენ...
ქედის ციკლოპი ღრუბელივით ფშვინავს საავდროდ,
რითი დავბანგო, გამოვბრუჟო და გამოვათრო?!
როგორ დავუვსო ქიშპის თვალი საზარელ ციკლოპს,
ის ცალი თვალი, შურის თვალი სულ ამას ვფიქრობ.
როგორ გავზარდო ანდა როგორ გამოვიგონო
ერკემალივით ნასუქალი ზორბა სტრიქონი 
რომ ლაჯებშუა ამოვეკრა ოდისევსივით...
........................................................................
იქნებ ასრულდეს წყალობელი განგების ნება 
და გავეპარო ციკლოპივით საზარელ ქებას?