–ჰეი, მანდ კარუსელს ვინ ატრიალებს,
გამოდი, ბრძანე, მემატიანე!
კარუსელს ჰკიდია იალკიალი,
ნავები...ნავები იალქნიანი.
ცხენები...ტახტები ფარშავანგული,
ფარჩაგაკრული.
ცხენებზე სხედან ჩვენი „წიები“,
ჯოხის ცხენიდან გადასმულები.
ტახტებზე სხედან ჩვენი ცირები,
ხანუმებივით გადაცმულები.
სვლას კარუსელი არ ახანდება
აღმოსავლეთის ჰარამხანებთან.
–წუწკი სულთანი რაც გამელუკდა,–
არ მოკლებიათ ჯარს მამელუკთა
კოლხური ჯიშის ფიცხი კვიცები,
დიდი ალაჰის მადლს გეფიცებით...
კარუსელს ჰკიდია ირანის ლომიც.
მზირალი წყრომით.
და ზანტი აქლემიც, ვით გვალვის ცომი,
სპილოც––აფრიკული ალაფი რომის.
......................................................................
სიონს გადახადა გვირგვინი
გაძარცულს
და პატივახდილს,
ქოსა საჭურისმა ქირქილით
დაადგა სპარსული ტახტი.
და მერე ოთხივე კიდეგან
მორეკეს პაწია ხიზანნი
რომ არ დაზრდილიყვნენ კიდევაც
ალგეთზე ლეკვები მგლისანი.
და გადარეული ცხენებით
გაჯეგეს ქართული ჯეჯილ.
ჭიხვინი...გნიასი...ჭენება...
ცოდვის კარუსელი შეშლილი.
ჰეი, მანდ კარუსელს ვინ ატრიალებს?
გამოდი, ბრძანე, მემატიანევ!
.................................................................
შიმშილი...ტყვეობა...ბლოკადა...
გზები დახვეული რგოლად,
სიკვდილის კარუსელს მოჰგავდა
გრძელ ეშელონების ქროლა.
და წლობით სიკვდილის ბუნაგთან,
სადაც პატივს ცემდნენ კონდახს,
კვამლის კარუსელი ბრუნავდა,
ფერფლის კარუსელი ქროდა.
ო, დედა–რუსეთო, ნუ ტირი,
იმ წარსულს ვერაფრით იხსნი.
მტერმა შეირცხვინა მუნდირი
უმანკო ბავშვების სისხლით.
......................................................
აჰა გიგანტური ღრუბლიდ კარუსელი...
გასწვდა დედამიწას ლანჩა...
ნახშირის ჩიტებით,
ფერფლის რაკურსებით
ვხატავ იაპონურ ლანდშაპტს...
............................................................
აგერ ჰიპოკრატე ღმერთების ელჩი,
უთრთის ბალახები ფერხთით.
ორკაპა უნასი უპყრია ხელში––
სიბრძნის ჯადოსნური კვერთხი.
ფიცი რა უყავით სულმნათო, ფიცი!
...............................................................
ფიცის გამტეხლებთან რა მოხდა, იცი?
გუშინ დაიბადა ბოღვერა მგლის ლეკვი–
იქსი და იგრეკი.
გუშინ დაიბადა ქართული იმედი
და არც თუ მცირედი!
გუშინვე მიჰყიდეს ვიღაც ღაბაბიან...
–მოკვდა ანგელოზი!...ცუდი საბაბია?
იუდას პეშვიდან ეპნევა ცეცხლი...
ოსვენციმს,
დახაუს უქრებათ ცეცხლი...
ვინც ყრმას დაამგვანებს ბედით ოიდიპოსს–
უნდა მოითიბოს!
ვინც მამულის ვენახს გამოაცლის ჭიგოს–
წყეულიმც იყოს!
აჰეი, კარუსელს ვინ ატრიალებს,
გამოდი ბრძანე მემატიანევ!
....................................................
დილით ავიარე ქაშვეთთან,
(ბაღში სასეირნოდ ვიყავი)
პირს საწყალობლად აფჩენდა
ორი მოჭყლოპინე ჭილყვავი.
შიში, ღვთაებრივი წუხილი
იდგა დედაბრების ხმაში:
–ქაშვეთი გაქურდეს წუხელის...
ღვთისმშობელს მოჰპარეს ბავშვი...