Litclub.ge

ღმერთო, განმწმინდე მე ცოდვილი და შემიწყალე
თუ დაბადებით არ ვშობილვართ
მკვლელებ-მზაკვრებად
და მერე მივწვდი მაცდუნებელ
გზაზე იმ წამლებს.
რომელთა გამო მე სამოთხე
არ მეაკვნება
– ღმერთო, განმწმინდე მე ცოდვილი
და შემიწყალე...
ცდუნებით ნათლის სვეტი დამრჩა
თუ მოშორებით,
სულის სიყვითლე ვამჯობინე
სულის სიმწვანეს,
თუ ამის გამო მელოდება
კუპრის მორევი,
– ღმერთო, განმწმინდე მე ცოდვილი
და შემიწყალე...
ჭექა-ქუხილი მიმოირბენს
ზეცას ელვებით, –
სამოთხისებურს დაიმკვიდრებს
ისევ სიწყნარეს.
თუ ისე წავწყმდი
რომ სხვის რისხვას
ვერ შეველევი,
– ღმერთო, განმწმინდე მე ცოდვილი
და შემიწყალე ...
მარადიული თუ უარვყავ
სინდის-ნამუსი
და სააქაო გატაცება
ქალით ვიწამე,
არ მაპატიებს თუ გამჩენი
ამდენ ნამუსრევს,
– ღმერთო, განმწმინდე მე ცოდვილი
და შემიწყალე...
რა უჭირთ იმათ, –
ველურობის სთხიეს შლეგ-ცოფი
და არ უწყიან
სით მოსულან
ანდა სით წავლენ,
ასე თუ ისე რამის მცოდნემ
თუკი შეგცოდე,
– ღმერთო, განმწმინდე მე ცოდვილი
და შემიწყალე ...
რა შევიძინე?
რით დავამხო
მითხარ ბოროტი?
და რასაც მივხვდი
ეს მიხვედრაც
რისთვის ვისწავლე?
თუ ვერ მივიღე
განსაწმენდლად
სიბრძნე ბოლომდის,
– ღმერთო,
განმწმინდე მე ცოდვილი
და შემიწყალე...