აღარ გასწორდა დათარსული ბედი არასგზით
და თითქოს სულის სიახლოვე ნახეს ღვინოსთან,
დღეს გამახსენდა, გამახსენდა ავთო ვარაზი
და ვერ ვანსხვავებ ერთმანეთში მას და ფიროსმანს.
მათ შუბლზე ეცხოთ მირონივით კვალი სიკეთის,
ორივე იყო უწყინარი საღმრთო კრავივით,
ჩვენ ვერ ვიგებდით, ანდა ძალზე გვიან ვიგებდით,
კაცის წუხილი ზოგს ეგონა კატის კნავილი.
ასე მგონია, მათ საერთო ჰქონდათ დუქანი,
თუმც სხვა ბილიკი არც ეძებეს თავის გატანის,
და იდუმალი ნათლისაგან განაშუქარნი
ისევ ხატავენ, რაც კი დარჩათ დასახატავი.
ქალაქს აწყდება გულგრილობის ცივი გრიგალი,
თუმცა თბილისი ცნობილია გულით მოწყალით,
ხშირად გარიყავს, ვინც არ არის გასარიყავი,
ან ვერ გაუგებს სანამ ქვეყნად დადის ცოცხალი.
რა ცოტა იყო მოიმედე და ხმის გამცემი,
ამდენი გულქვა და ბოროტი ვეღარ შერისხეს,
დგება საღამო, სარდაფებში დარდის დამცლელი,
ორთაჭალისკენ მიდის იგი, ან ის – ვერისკენ.
თბილისის დუქნებს აბრა უჩანთ ოქროს ჯიღებად,
ვეღარ სწორდება დაგრეხილი ბედის თარაზო,
კარი იღება, სარდაფების კარი იღება
და ფიროსმანში კვლავ მერევა ავთო ვარაზი.
მასაც შეეძლო გაეყიდა, რაც კი ებადა,
ოღონდ ვარდები შეეძინა ცვარში ნაბანი,
არ უთხოვია არავისთვის ქვეყნად ნებართვა,
ცხოვრობდა ჩუმად ის ამაყიც და თავმდაბალიც.
მწუხრის ღრუბელი ედებოდა ტილოს ზეთივით,
ფერებში ჩანდა ამ მუხთალი დროის მიმოსვლა,
მე ახლა ვხედავ ყრმის ღიმილით, მშვიდით, კეთილით,
უკან მიჰყვება მორჩილივით ავთო ფიროსმანს.