ქართლი მაინც ქართლია:
რკონს, კავთას და სამთავისს
(ჩემში ვისიც მადლია)
ვენაცვალე სამთავეს...
სულს როგორ დაათენდა
წილკანს, ლარგვისს, იკორთას...
დანახვისზე ატენთან
მზე რომ გადმომიგორდა!
ბეთანიას მარხული
დღესაც მახსოვს ის ბერი...
ძეგვიდან დანახული
შიო-მღვიმის კლდის ფერი.
ვარ მტვირთველი ამდენის,
სხვამ რაღამ ამაღელვოს,
როცა ვხედავ ატენის
ან ყინწვისის ანგელოსს!
მე აქ არ ვარ სტუმარი,
და სხვა არ-რა მამშვიდებს
ისე, ოდეს მდუმარი
ვუმზერ ბოლნისს, სამშვილდეს...
სოფლის მყუდრო საყდარი,
მცირეც, მეტიც, ყოველი
არის სულში ჩამდგარი
როგორც სვეტიცხოველი.
ჩემთვის ქართლით დაიწყო
შარავანდი, აზმანი,
სანამ შუბლმა წაიცხო
ზარზმის აიაზმანი,
სანამ ხატი უფლისა,
ხელთუქმნელი ნახატი
გამიცხადდა უბისას...
სანამ გელათს ვნახავდი,
სანამ გრემს ვიბოდებდი,
სანამ ნეკრესს ვვედრებდი,
სანამ გავიბოდბებდი,
გავიალავერდებდი...
ვინც მე დამათავთავეს...
მცხეთას, ჯვარს თუ სამთავროს...
ვინც მე მომცა სათავე,
ისევ მან დამამთავროს!