ახლა წავალ და დავბრუნდები თუ
არ დავბრუნდები, ღმერთმა იცოდეს,
გავყვები შარას ნისლით შებინდულს,
ხელთა ფათურით სადმე ვიცოცებ.
მე შეცოდებას არვინ შემინდობს
არც უცხო და არც თავისიანი,
როცა ჩავუვლი დამწვარ ველ-მინდორს
ჩემი ლურჯაის ნალთა წკრიალით.
ვერვინ გაიგებს, მე რა კაცი ვარ,
გული რანაირ ფიქრებს ინახავს,
გულს რანაირი ცეცხლი დასცვივა,
ორივე თვალით ვინ დაინახავს?
ვინ მოვა ჩემთან ძველი გულტკენით
გადაუბირებ ვაჟ-დარბაისლად,
ბოლო გასასვლელს რომ გავუდგები,
ცივ წამწამებზე ცრემლს ვინ აისხამს?
ნელა მივყვები გზას დაღმართიანს,
მტკივა გული და ეჰ, ვინ რა იცის,
შიგ რა უქრობი ცეცხლი ანთია,
რა დიდია და არარაისი!