Litclub.ge

ჭმუნვა ორბელიანისა
დარდი დასტყობია ყაბახის ფალავანს,
სიონში შევიდა და... შეკრთა სანთელი...
გრიგოლ! სიყვარული რა დარდუბალაა,
როგორ წაგახდინა ამხელა ქართველი?!
სიონში რა გინდა, წილი ნაყარია!
ღვინო სვი, თუ სუსხი გაგიჯდა იანვრის;
ვაგლახ! სიყვარული სულ სხვა ლახვარია, _
ვაჰთუ, გააწბილოს თვით ორბელიანიც!..
ნუ შეემსჭვალები ქალსა ბანოვანსა,
გულის დამტყვევნელსა ნუ ეტყვი გულის ჭირს;
გრიგოლ!
ჩოქვით ისმენ დასთა გალობასა,
გრიგოლ! არ გქონია ბედი სიძულვილშიც!..
როგორ დაგიჯერონ,
თვალებს რომ გინამავს ცრემლი და...
ჩუმჩუმად ილევი ვაჟკაცი,
როცა დაღესტანში დაღესტნელ იმამებს
დაღესტანს ავიწყებს შენი ხმლის კაშკაში!..
შენ ერთმან, მრავალგზის სიკვდილს ჩაუარე,
თუმცაღა სიყვარულს ერთი გზა ჰქონია!
აწი _ რას მოელი ამაზე უარესს?!
აწი _ ბედისწერას დაუხვდი ღონივრად!
დაჯექ და მიენდე გულის ხმას რიხიანს,
ლექსებში ნურასდროს იქნები გულგრილი.
რადგან სიყვარული ისეთი ბრიყვია, _
ფეხზე დაიკიდა ღენერლის მუნდირიც!..
.........
დარდი დასტყობია ყაბახის ფალავანს,
სიონში შევიდა და... შეკრთა სანთელი...
გრიგოლ!
სიყვარული რა დარდუბალაა,
როგორ წაგახდინა ამხელა ქართველი?!