ოთახში დადის და ლაპარაკობს,
მერე იმისი ხელი ჩაიდანს
დასწვდა და ასხამს ფინჯანში ჩაის
და სანამ ფინჯანს ლოჯში გაიტანს,
უთრთის ხელი და მეც უკან მივდევ,
სკამს მაგიდასთან ვიდგამ და ვჯდები.
(`გინდა ლიმონი?~)
მისი ტუჩები უფერულია,
შეჭრილი თმებით
უფრო მკაცრია სახის ოვალი.
(`მაინც რა მოხდა, მთელი ქალაქი
რომ ამ სულელურ რომანს კითხულობს...
მაცივარშია ალბათ კარაქი...~)
მე ვდგები ისევ.
სკამი ჭრიალებს.
ყველაზე ადრე ძველდება სკამი.
ქალი მიყურებს და იღიმება.
ასე უსხლტება გაბზარულ კრამიტს
სინათლის სხივი.
(შენ არ გცალია, კინოში უნდა ვიარო
მარტომ...~)
საწოლ ოთახში ფარდა გასწია.
(`მე რომ მაცვია, ასეთი პალტო
ვიღას აცვია!..)
მე ჩაი მოვსვი.
(დღეს მოიტანდე იქნებ ბილეთებს...
`კავკასიური ცარცის წრე~ ბრეხტის...~)
მიახლოვდება.
(`ძლივს რომ იმეტებს
სალამს, ვინ არის, რას წარმოადგენს?~)
თავზე დამადგა.
მე ისევ დინჯად
კოვზს დაუშაქრავ ჩაიში ვურევ
და დაფანტული დავყურებ ფინჯანს.
წვიმს.
მოღრუბლული დღე არის გარეთ.
მოწყენილია სახლში ავეჯი.
(`უბრალოებით ფასდება კაცი...
სხვა კულტურაა სისადავეში...~)
მე ვდგები.
(`ქუდი არ დაგავიწყდეს...~)
ოთახის სითბო ქუჩაში მიმაქვს
და მანქანებში გადასასვლელზე
ცელქი ბიჭივით გადარბის წვიმა...