Litclub.ge

ლექსი კვირა დღეზე
არაფერზე ვოცნებობ,
არაფერი არ მინდა,
მე იმაზე მეტი,
მხოლოდ თვალი ვადევნო
ბაღში აფუსფუსებულ
ჭიანჭველის პეტიტს.
დალოცვილი ქვეყანა
აღარ დაემგვანება
ბებერს უღარიბესს,
თუ მზე ღრუბელს გაექცა,
როგორც აბაზიანი –
დაფხავებულ ჯიბეს...
რომ აივნის რიკული
იატაკზე უეცრად
ისევ გადახატოს
და რომ ჩუმად დავუსხლტე
ჩემი თავის ტკივილს
გააფთრებულ ბატონს.
არაფერზე ვოცნებობ,
არაფერი არ მინდა
მე იმაზე მეტი,
ვნახო ბოლოს მიწაზე
თრთოლვით შეჩერებული
ფოთლის პირუეტი.
უნდა ველზე გავიდე,
იქნებ ოდნავ მოეშვას
ჩემი მოსართავი.
გამიცინებს უკბილო
და ჩიტებით შეჭმული
მზესუმზირის თავი.
კვირის მზიან ტაძარში
შევალ როგორც ქურუმი
და მსახური კვირის.
სევდა მატარებელში
გაღვიძებულ ბავშვივით
აღარ შემომტირებს.
მე ვიქნები პოეტი –
მთვრალი არქაიზმით
და რითმების ძებნით.
თავი არ იგრუხუნებს,
როგორც შემადგენლობა
გრძელი მატარებლის.
ჩქარა! ზამთრის სიცივე
ამ უეცარ სიხარულს
ბევრჯერ გამომიბრის.
ბევრჯერ მომენატრება
ეს კვირა დღის ბურუსი
და თვალების ლიბრი.
არაფერზე ვოცნებობ,
არაფერი არ მინდა
მე ამაზე მეტი,
არაფერი მაწუხებს,
დილა გულუბრყვილოა,
როგორც ტრიოლეტი.
უნდა მზეში ვიხილო,
ჩანთა როგორ ეხლება
ქალიშვილის თეძოს.
სანამ ჩავუვარდები
შემოდგომის სევდიან
და წვიმიან სეზონს.სანამ წვიმის ღრუბელი
შემოდგომის ქალაქებს
დააფარებს ბრეზენტს
და მე თავის ტკივილის
ულმობელი ბატონი
მიმაჯაჭვავს კლდეზე...