Litclub.ge

ქუჩის ხმაური
ვიღაც ქურდულად გიმზერს თვალებში,
ვიღაც ვიღაცას თრთოლვით მოელის,
ბრუნავს, ირევა აქ ერთმანეთში
აღმოსავლელი თუ ჩრდილოელი.
მრავალნაირი ჰანგით და ბგერით
თითქოსდა მძლავრი გუგუნებს ქორო,
გადამავიწყდა მე ყველაფერი
და მხოლოდ ქუჩის ცხოვრებით ვცხოვრობ.
ოი, ქალაქის ხმაურო დიდო!
მოვალ და სულ სხვად გარდავიქმნები
და განა ხალხი? მგონია, თვითონ
ქუჩა მეხება მკლავებით, მხრებით.
შემხვედრს ალერსით ვსინჯავ და ვწონი
და ტოკავს ქუჩა – ცხელი სტრიქონი.
იგი მიზიდავს, იგი მამხნევებს
ორომტრიალით, სუნთქვით ძლიერით.
დავეხეტები, უცნობ სახეებს
აღტაცებული ვათვალიერებ.
საიდან... საით... ან ვინ არიან _
მსურს გამოვიცნო და ვაკვირდები.
მოიჩქარიან, მიიჩქარიან,
დააქვთ სურნელი მსოფლიოს გზების.
არ მომწყინდება ასე ვიარო,
ქუჩის შფოთვაში ღელვით ვებმები,
მაგრამ მადარდებს ეს წუთიერი
შეხვედრები და განშორებები.