Litclub.ge

*** "ის რაც არ ითქმის"
ის, რაც არ ითქმის, რასაც მალავენ,
მე გადავწყვიტე ვთქვა და გაგანდოთ,
როგორც უცნობი კაცის სალამი,
ანდა წერილი უმისამართო.
ოღონდ მაცალეთ _ თავდავიწყებით
ვწოვო ზედაზნის ღრუბლის ჯიქანი,
ვსვა გაზაფხულის სუნთქვა ფიცხელი
კავკასიონის ბროლის ჭიქებით.
ოღონდ მაცალეთ _ იქნებ ამოსკდეს
გულიდან, რასაც დიდხანს ველოდი
და ერთხელ კიდევ, უკანასკნელად
დავთვრე ამ ჩემი საქართველოთი.