Litclub.ge

ალბათობის თეორია
ყოველთვის, როცა ვდუმდი თუ ვწერდი,
ოცნებად მქონდა ლურჯი ცის თემა.
ჩემში იკვრება სამყაროს წრედი
და ურთულესი მე ვარ სისტემა.
ალბათობაა სიცოცხლე ჩემი
და მარტოოდენ ვარაუდი ვარ.
მე ამოუხსნელ ფორმულად ვრჩები
და ვარაუდებს ვერ ავუდივარ.
ცხოვრება თავის ნებაზე მარწევს
ღმერთის მორჩილს და ბედთან მორკინალს,
სინდისის მძიმე უღელი მაწევს,
პატიოსნება მადევს ბორკილად.
მხოლოდ მადლი მწამს ქვეყნად, ღმერთმანი,
და გული ცოდვებს უფრთხის კეთრივით,
მუდამ ებრძოდა ჩემში ერთმანეთს
კეთილს ბოროტი, ბოროტს კეთილი.
სიცოცხლე, როგორც მხურვალე ლოცვა
სულის და ხორცის ამარა რჩება,
თავისუფლება ბუნებამ მომცა,
მაგრამ წამართვა მოყვასმა ჩემმა.
საწუთრომ ესეც არ მამყოფინა
და შემაჭიდა ფიქრებს გოლიათს.
თურმე ცხოვრება ის არ ყოფილა,
ერთი შეხედვით ჩვენ რომ გვგონია.
ო, რა გულგრილად მიქრიან წლები,
ჩემი ფიქრებიც თითქოს სხვისდება.
ისევ იკვრება სამყაროს წრედი,
ისევ მაწვალებს ლურჯი ცის თემა.