Litclub.ge

*** "დრო და მანძილი მისხალ-მისხალ გამიცვეთია"
დრო და მანძილი მისხალ-მისხალ გამიცვეთია,
ჩემში ბობოქრობს უსამანო ქართა გენია,
უკიდეგანო ოკეანე ჩემთვის წვეთია
და ჩემი სული დანგრეული კართაგენია.
მარადისობა უხერხულად მარიდებს სახეს,
დრო მკურნალია და მპირდება წამალს უებარს,
დიდება სიკვდილს, სიცოცხლეს რომ გაუთქვამს სახელს,
ვაშა სიცოცხლეს, სიკვდილსაც რომ არ ეპუება.
არ ვეპუები ბედისწერას ურჩს და უჯიათს,
ამაოებავ, ჯოჯოხეთის კართან გელიან,
ჩემი სხეული ჩემი სულის ციხე-ბურჯია
და ჩემი სული დღეს ახალი კართაგენია.