Litclub.ge

რეკვიემი ბებიას
ბოლო თოჯინას წააგავსო პირველი შვილი,
პირველი შვილის დედა არის, თურმე, ბებია,
ბებია _ ჩვენი სანთელ-კვარი, თაფლი და ცვილი,
ბებია ყვება ზღაპრებს, მასზეც ზღაპრებს ყვებიან.
მშობელი ჩვენი ღვთაებაა _ ის ღვთისმშობელი,
კეთილმყოფელი შვილთა _ ის ღვთისმშობელი,
კეთილმყოფელი შვილთა _ დარი თუ ავდარია,
ჩვენს საუკუნოდ შეწირული წუთისოფელი.
დო მინუს ტოკუმ, ბენედიქტუს, ავე მარია!..
ამაზე ფიქრიც არ გვსურს, მაგრამ ეს ხომ ასეა _
პირველი დგება ის სიკვდილის ფეხის ხმაზეა.
რახან ასეა, რახან ასე, ჩვენ იმათ მართვეს,
უნდა გვახსოვდეს, რომ წინპრის სიცოცხლე გვმართებს!
და თუ ისინი, თუ ისინი არ გვთხოვენ ვალებს _
გადასახდელად გვიტოვებენ დღესა და ხვალეს!
ჯვარი გწერია, დიდო დედავ, გვწერე ჯვარია _
დო მინუს ტოკუმ, ბენედიქტუს, ავე მარია!
...როს შენთან ვიყავ... მაშინაც კი მენატრებოდი,
იყო ედემის ლაღი ბაღი ეგ შენი კალთა,
რას ვიფიქრებდი თუ ოდესმე დაბერდებოდი,
მომიკვდებოდი, ღვთისმშობელო, მშვენებავ ქალთა,
შვილთა სალოცავ ხატთან მწველო სანთელო _ ქალო,
დედა-შვილობა ჩვენი ცხადი თუ სიზმარია,
ჩემო ნატვრის ხევ, სულნეტარო და ნატვრისთვალო,
დო მინუს ტოკუმ, ბენედიქტუს, ავე მარია!
მე ვიზრდები და შენ კი უფრო პატარავდები
და ჩაგიქროლებ, როგორც ღამის მატარებელი,
მე _ ვკაცდები და შენ _ ბავშვდები, გზაში ამცდები
_ მზე ჩამავალი, სულმნათი და ნათლისმცემელი.
ნუ იკარგები ცხრა მთას იქეთ, მზეო ამოდი!
ნუ ეფარები გორას, მზეო, მცივა ძალიან,
გულო ჩადექი საგულესა, რეკავს ზარია.
დო მინუს
ტოკუმ,
ბენედიქტუს,
ავე მარია!