Litclub.ge

თბილისი
შენ ლალი ხარ, საქართველოს სილამაზე,
თბილისი და თბილი გულის ფეთქვა გქვია,
შენს ძებნაში საქართველოს ლაჟვარდ ცაზე
მზეს რამდენჯერ გზა და კვალი დაჰკარგვია.
საქართველოს დიდი დაფნის გვირგვინიდან
ათასი გზით მოწყვეტილი ფოთოლი ხარ,
მაგრამ მაინც, წაგლეჯილი მტრის პირიდან,
ქართველის გულს დღევანდლამდე მოჰყოლიხარ.
შენ კრწანისზე სამას გმირთა არაგველთა
დაწყვეტილი გულის სიმებს შეჰხებიხარ,
შენ თბილისი კი არა და, იმ ქართველთა
დაუმშრალი თბილი სისხლის წვეთები ხარ.
შენს კედლებთან ვინც თავს მტრისგან იმალავდა,
მას დედის რძე მწარე შხამად შერგებია,
მტკვარს რომ ხედავ, ეს მთის წყალი კი არა და
ქართველების სისხლნარევი ცრემლებია.
გორგასალის უდრეკელი ფარი ხარ და
ხარ თამარის ღიმილივით დახატული,
ქართველების სალოცავი ხატი ხარ და
მზის ნათება ზურმუხტოვან გაზაფხულის,
შენს ძებნაში საქართველოს ლაჟვარდ ცაზე
მზეს რამდენჯერ გზა და კვალი დაჰკარგვია,
შენ თბილისი კი არა და, ჩემო კარგო,
ის მაოცებს, ნატვრისთვალი რად არ გქვია?!