Litclub.ge

ამბავი სიკეთის საზღაურისა
ძინაი მქვია. გვარტომობისას ნურაფერს მკითხავთ. რა ხანია, ხალხმა დამანათლა ეს სახელი _ ამაკავა ძინაი. თქვენც გეცნოთ განა?! ნუ შეშინდებით, ნურც დაფრთხებით. როგორც იცით, ცნობილი ქურდი ვარ, მაგრამ ამჯერად საქურდლად არ მოვსულვარ. მშვიდად იყავით. მერწმუნეთ, ახლა.
მესმა, მთელ იაპონიაში კეთილშობილებით გამორჩეული პადრე ბრძანებულხართ. ასე რომ, თქვენთვის ვერაფერი პატივია ვიღაც ქურდთან ბაასი. მარტო ქურდობა რა დასაკვეხნია. ძინაი ერქვა ძიურაკუს სასახლეში მიწვეულ როსონ სუკეძაემონის ერთ-ერთ ხელქვეითს. ახლა დოქს აღარ იკითხავთ, «წითელთავად» წოდებულს, ძვირფასეულს რიკიუ კოძისათვის?! იმ რენგას ოსტატის ნამდვილი სახელიც, ვინაც დოქი ძღვნად გამოგზავნა, ძინაი იყო, ხომ?! და განა ომურელი მთარგმნელის სახელიც, ორი-სამი წლის წინ რომ დაწერა წიგნი «ამაკავა-ნიკი», ძინაი არ იყო? შემდგომად ამისა, მოხეტიალე მუსიკოსი, კაპიტანი მალდონადო რომ იხსნა სიკვდილისაგან, სანძიოგავარაში ატეხილი ჩხუბისას, და საკაიში, მეკუძის ტაძრის ჭიშკართან უცხოური წამლებით მოვაჭრე? ვინ იყვნენ ისინი? სახელი მათი ძინაი გახლავთ, ვინმე ძინაი. უფრო მეტიც, ვინაც შარშან წმინდა ფრანცისკოს ტაძარს შესწირა ოქროს კიდობანი, რომელშიაც წმინდა მარიამის ფრჩხილი იდო? ისიც მორწმუნე ძინაი იყო!
ვწუხვარ, დღესდღეობით დრო არა მაქვს, წვრილად გაიმბოთ ყოველივე. ერთს გთხოვთ ოღონდ, მერწმუნეთ, ამაკავა ძინაი არცთუ უცხო რამ ფრინველია. ერთი ჩვეულებრივი მოკვდავია ისიც. გჯერათ, ხომ? რახან აგრეა, შეძლებისდაგვარად მოკლედ მოვჭრი. წირვა მინდა აღვავლინო ერთი კაცის სულის სახსნელად. ამისათვის გეახელით. არა, ჩემი ნათესავი არ გეგონოთ, ჩემს მახვილსაც არა სცხია მისი სისხლის თუნდ ერთი წვეთი. აღარც კი ვიცი, გავამხილო თუ არა მისი სახელი. ვინმე იაპონელი პაულოს სულის მოსახსენებელი მინდა ვთქვა. რაო? გეჩოთირებათ, რაღა თქმა უნდა, თქვენ ხომ ამაკავა ძინაი გთხოვთ. კეთილი, იყოს ნება შენი თქვენი! ვეცდები, ახლა ორი სიტყვით მოვყვე ამბავს. პირობა უნდა მომცეთ ოღონდ, კაციშვილთან არაფერი დაგცდებათ, თუნდაც სიცოცხლის საფასურად დაგიჯდეთ. დაიფიცებთ მაგ ჯვარზე, გულზე რომ გკიდიათ? არა? ბოდიშს ვითხოვ. (ღიმილით).
თავხედობაა ალბათ ჩემი ხმრივ, თქვენში ეჭვის შეტანა, მაგრამ თუ აღთქმას დაარღვევთ (უეცრივ სერიოზულად), ჯოჯოხეთის გეენა არ აგცდებათ. თუ აგცდათ, ამქვეყნიური სატანჯველი მოგიწევთ მაინც.
ორ წელზე მეტია, რაც ეს ამბავი მოხდა. ავდრიანი შუაღამე იყო. მე დავბორიალობდი კიოტოს ქუჩებში, მოხეტიალე ბერად გადაცმული. ხუთი დღის განმავლობაში ყოველ საღამოს, პირველი ყარაულობა დაიწყებოდა თუ არა, ისე, რომ არვის მოვხვედროდი თვალში, ფარულად ვაკვირდებოდი შენობებს. რისთვის? ვფიქრობ, ახსნა არაა საჭირო... იმ დროს მცირე ხნით ვეპირებოდი, მოვცილებოდი აქაურობას, გავმგზავრებულიყავი სადმე, ზღვის გადაღმა, და ფული ისე მჭირდებოდა, როგორც არასდროს.
ქუჩებში, რა თქმა უნდა, უკვე დიდი ხნის შეწყვეტილი იყო მოძრაობა და მხოლოდ გაუთავებლად ქშუოდა ქარი და კრთოდნენ ვარსკვლავები. ბევრი ვუარე გარს ოგავადორის ჩაბნელებულ შენობებს და უეცრივ, როგორც კი გზაჯვარედინთან გადავუხვიე, დიდ სახლს მივადექ. ეს იყო კიოტოშიც კი ცნობილი Hოძეი იასოემონის სამყოფელი ქალაქ ალაგას, მაგრამ არცთუ საუკეთესო «ჰოძეის სავაჭრო სახლი». იგი ვერ მიედრებოდა კადოკურას «საზღავო ვაჭრობის სახლს». ასე იყო თუ ისე, ჰოძეი ისე არ დარჩებოდა, წყვილი ხომალდი მაინც არ გაესტუმრებინა კოკუსიამუროსა თუ ლუსონში, ასე რომ, ცხადია, წელშიც კარგად იქნებოდა გამართული. როცა საქმეზე გამველ, ეს სახლი უზურში არა მქონია, ახლა კი, რადგან მაინცდამაინც გადავაწყდი, უკან აღარ დავიხიე, როგორც ვთქვი, გვიანი ღამე იყო, ქარიანი. ყველაფერი ჩემს სასიკეთოდ აეწყო. გზისპირას, საწვიმარ ჯამს უკან გადავმალე ჭილის წუდი და ჯოხი, უმალ მაღალ მესერს გავავევლე.
რას აღარ ამბობენ ჩემზე. მოსმენად ღირს! ამაკავა ძინაის ძალუძს უჩინრად იქცესო, ყველა და ყოველი ამას უბნობს. ვიმედოვნებ, ყურს არ ათხოვებთ მდაბიორთა ამ მონაჩმახს. არც უჩინმაჩინის ქუდი გამაჩნია და ეშმაკთანაც არ გახლავართ წილნაყარი. ისე კი, როცა მაკაოში ვიყავ, პორტუგალიურ ხომალდზე მომუშავე მკურნალმა შემასწავლა საგანთა ბუნება და თუ საქმეს მივასადაგე ეს ცოდნა, მაშინ ვერანაირი ბოქლომი ვერ დამიკავებდა (ღიმილი). ათასგვარი ქურდული ხროკი, კაციშვილს რომ ჯერ არ გაეგო, განა ჯვართან და ქვემეხთან ერთად დასავლეთიდან არ გადმოიღო ველურმა იაპონიამ?
საათიც არ გასულა, რომ მე უკვე სახლში შევაღწიე, მაგრამ როცა ბნელ დერეფანს გავცდი, ჩემდა გასაკვირად, ამ გვიანობისას ერთ ოთახში სინათლე დავინახე. სინათლეს კიდევ რა უშავს, ლაპარაკიც მოისმოდა იქიდან. თუ ოთახების განლაგების მიხედვით ვიმსჯელებთ, ეს საჩაიე უნდა ყოფილიყო. რა ჩაის სმა აუტყდათ-მეთქი ამ ავდარში, გამეცინა გუნებაში და უფრო ახლოს მივჩოჩდი. მართალი გითხრათ, როცა ხმა გავიგონე, განა იმან შემაწუხა, რომ საქმე დაბრკოლდებოდა, ცნობისწადილმა შემიპყრო, რითი ირთობდნენ თავს ამ შუაღამისას სახლის პატრონი და მისი სტუმარი.
ფუსუმას გავეკარ თუ არა, როგორც ველოდი, კარდლის ბუყბუყიც მომესმა. ამ ხმებთან ერთად ტირილიც გავიგონე. ვინ ტირის-მეთქი, ნეტავი? _ გამკრა გულში და იმავ წამს მივხვდი, ქალი ტიროდა. თუკი ასეთ გამოჩინებულ სახლში შუაღამისას ქალი მოთქვამს, უბრალო საქმე არავის ეგონოს. სუნთქვა შევიკავე, ჩემდა საბედნიეროდ გვერდზე გაწეულ ფუსუმას ღრიჭოში გავიჭვრიტე და ოთახს მოვავლე თვალი.
ჭერზე ჩამოკიდებული ქაღალდის ფარნით განათებული ძველისძველი ნახატი, კედლის წალოში რომ იყო ჩადგმული, ქრიზანთენებიანი ლარნაკი... მთელ ოთახსა და მის მოწყობილობას ძველებური იერი ედო. ჩაის სასმელი ოთახის შესაფერი წალოს წინ, სახით ჩემკენ მოხუცი იჯდა. ასე ჩანდა, თავად იასემონი უნდა ყოფილიყო. წვრილად ნაქარგი ხაორი ეცვა, ხელები გულზე გადაეჯვარედინებინა, თვალები მიელულა და თითქოს ქვაბის თუხთუხს აყურადებდა. იასემონის დაბლით, ჩემკენ გვერდულად იჯდა დარბაისელი მოხუცი ქალი, თმის ვარცხნილობას სარჭი უმშვენებდა. იჯდა ასე და დროდადრო იწმენდდა ცრემლებს.
«არაფერი ამათ არ აკლიათ და საჭმუნავი მაინც არ დალევიათ», _ გავფიქრე და ტუჩებზე უნებურად ღიმილმა გადამირბინა. ნუ გეგონებათ, თითქოს რაღაც პირადული ჯავრი მედო გულში ამ ცოლ-ქმრისა. უბრალოდ, მეცინება ხოლმე სხვის უბედურებაზე, განურჩევლად, ვინც უნდა იყოს. განსაკუთრებულ სიამესა მგვრის,
როცა ისეთი ვინმე შემრჩება ხელში, ვისაც ერთის შეხედვითაც თითქოსდა საწუხი არაფერი უნდა სჭირდეს. ასეთი რამ თავისთავად სასაცილოა (მკაცრი გამომეტყველება). ასე მგონია, კაბუკის თეატრის წარმოდგენას ვესწრებოდე (დამცინავი გამომეტყველება). მე ხომ ის კაცი ვარ, ვისი სახელითაც აგერ ორმოცი წელია ბავშვებს აშინებენ. განა მარტო მე ვარ ასეთი? ჰკითხეთ, ვისაც გნებავთ, რომელია-თქო თქვენი საყვარელი საკითხავი წიგნი? სევდიან მოთხრობას დაგისახელებენ უთუოდ.
ცოტა ხნის შემდეგ იასემონმა ოხვრით ამოთქვა:
_ რახან ეს უბედურება მოხდა, რამდენიც გინდა თავში იცე, საქმეს ვერ უშველი, უკან ვერაფერს მოაბრუნებ. გადავწყივიტე, ხვალ დუქანში ყველას ანგარიში გავუსწორო და დავითხოვო.
ამ დროს ძლიერმა ქარმა შესძრა ოთახის კედლები და მოსაუბრეთა ხმაც ჩაახშო. იასემონის ცოლის სიტყვები ყურს აღარ მოსწვდენია. მეპატრონემ ახლა თავი დააქნია, ხელები მუხლებზე დაიწყო და ლერწმისაგან მოწნულ ჭერს მიაბჯინა მზერა, ქუში წარბები, წამახული ყვრიმალები და, განსაკუთრებით, თვალების ნუშისებრი ჭრილი... რაც მეტად ვაკვირდებოდი, მით უფრო ვრწმუნდებოდი, სადღაც უცილობლად მენახა ეს პირისახე.
ო, მეუფეო, ესუ-ქირისიტო-სამა, ძალა მოეც ჩვენს გულებს!
იასემონმა თვალები მოხუჭა და ჩურჩულით წამოიწყო ლოცვა. მოხუცი ქალიც ილოცვიდა, ალბათ ისიც შემწეობას შესთხოვდა მეუფეს. თვალს არ ვაცილებდი იასემონის სახეს და აი, როცა ახლად მოიქროლა ქარმა, ჩემს სულში გაკრთა მოგონება ოცი წლის წინათ მომხდარი ამბის, და მაშინ უკვე გამოკვეთილად მოვიხილე იასემონის პირისახე.
ოცი წლის უკან... არა, მოსაყოლად არც ღირს! მოკლედ მოვჭრი. საქმე ასე იყო: როცა მაკაოში მივემგზავრებოდი, კინაღამ დავიღუპე გზაში, ერთმა იაპონელმა მეხომალდემ მიხსნა სიკვდილისაგან. ერთიმეორეს ისე დავცილდით, არც გვარი გვითქვამს, არც სახელი და აღარც შევხვედრილვართ აღარასოდეს. ვუცქერდი ახლა და გაოცებას ვიყავ. თვალს ვერ ვაცილებდი მოხუცის სახეს. იასემონი. ეს იყო უეჭველად მაშინდელი ჩემი მხსნელი. ასე მეგონა, თითქოსდა მის ძლიერ მხრებსა და დაძარღვულ ხელებს მარჯნის რიფებიდან ანაშხეფი ტრალღების ქაფისა და სანდალის ტყეების სურნელი სდიოდა ახლაც.
ერთხანს ილოცა იასემონმა და მერე დინჯად მიმართა ცოლს:
_ აწ მივენდოთ ციური მეუფის ნებას... მგონი, კარდალაც დუღს, ჩაი დამისხი, გეთაყვა.
მოხუცი ქალი, ქვითინს რომ ძლივს იკავებდა, ჩამქრალი ხმით შეეპასუხა:
_ ახლავე... ეჰ, რა დასანანია, რომ...
_ მაინც დაიწყე, არა, წუწუნი? «ჰოძეა-მარუუ» რომ ჩაიძირა და მთელი ქონება განიავდა, ყველაფერი ეს...
_ არა, მაგაზე არას ვამბობ. აი, ჩვენი ვაჟი იასაბურო მაინც გვყავდეს აქ...
ამის გამგონეს კიდევ ერთხელ გამეცინა. ახლა ჰოძეის გასაჭრო კი არ მახალისებდა. «მოდგა დრო ძველი სიკეთის სამაგიეროს მიზღვისა...» ეჰ, შესაძლოა ჩემ გარდა არც არავინ იცოდეს ამის ნამდვილი ფასი (დამცინავად). მეცოდებიან კეთილბუნებოვანი ადამიანები, მათ ხომ აღარა უწყიან, როგორად გასახარია ქმნა სიკეთისა, ბოროტების ნაცვლად.
_ აქ რომ არა გვყავს, ეგ კიდევ ბედნიერებაა. _ იასემონი ნაღვლიანად დააცქერდა ფარანს. _ ის ფული რომ მომცა ახლა, რაც მაგან გაფლანგა, ჩემს ბედს ძაღლი არ
დაყეფდა. თავს დავაღწევდი უბედურებას. ისე კი, როცა გავიხსენებ, წიხლი რომ ვკარი და სახლიდან გავაგდე...
იასემონმა სიტყვა გაწყვიტა და მე შემომაჩერდა. გასაკვირი არ იყო, რომ შეეშინდა. სწორედ ამ დროს უჩუმრად გადავწიე ფუსუმას კიდე. ბერის ტანსაცმელი მემოსა, ჩემეული ჭილის ქუდის ნაცვლად, უცხოელი თავსაბური მეხურა.
_ ვინაა აქაურობის ბატონ-პატრონი?
მოხუცი კი იყო იასემონი, მაგრამ მაინც ელვის უსწრაფეს წამოიჭრა ფეხზე.
_ საშიში არაფერია. ამაკავა ძინაი ვარ, ნუ დაფრთხებით. დიახაც, ქურდი ამაკავა ძინაი გახლავართ, მაგრამ ამჯერად სხვა რამისთვის მოველ.
თავსაბური გადავიძვრე და იასემონს წინ დავუჯექ.
თავად მიხვდებით, რაც მერე მოხდა. მე აღვუთქვი იასემონს, ძველი სიკეთის საზღაურად გაჭირვებიდან მეხსნა. პირობა მივეც, სამ დღეში არ გადამეცდინა ვადისთვის.
_ ოჰო, ვგონებ, კარს უკან ვიღაცის ნაბიჯის ხმა ისმის? ღამე მშვიდობისა. ხვალ ან ზეგ კიდევ მოვალ. შემოვაღწევ როგორმე.
მაკაოს ცაზე მოჩანს ერთი თანავარსკვლავედი, «დიდი ჯვარი» რომ ჰქვია, იაპონიაში კი ვერსად მოლანდავთ. ჰოდა, თუ იმ თანავარსკვლავებიდვით არ გავქრი იაპონიიდან, პაულოს სულს წავწყმედ მაშინ, იმ პაულოსას, ვინც შემოგავედრეთ. რაო? აქედან როგორ გავალ? მეტი სადარდი ნუ მოგცეთ ღმერთმა. ჭერში ამოჭრილი მაღალი ფანჯარა ანდა ბუხარი რისი მაქნისია, აბა? ეს არაფერი. იმასა გთხოვთ ოღონდ, ხმა-კრინტი არავისთან დაგცდეთ, ღვთის გულისათვის.
ჰოძეი იასოემონის მონათხრობი
თქვენო მოწყალებავ! შემოგთხოვთ მოისმინოთ ჩემი აღსარება. მოგეხსენებათ, იარება მიწის პირს ქურდი ვინმე ამაკავა ძინაი, ვისზედ ამდენი მითქმა-მოთქმაა ატეხილი ამ ბოლო ხანს. მესმა, ამაკავა ძინაი ყოფილა თურმე ის კაცი, ვინც ნეგოროდერის ტაძრის კოშკში ჩასახლდა, ვინც მახვილი წარსტაცა კამპაკუსა, და იგიც, შორს, ზღვის გადაღმა თავს რომ დაესხა ნაცვალ ლუსონს. აღარ დასცალდა. ბოლოს და ბოლოს გაუთიათ მიდორიბასის ხიდთან, როგორ იქნა მოიხელთეს და იტიძეში ბამბუკის მარგილზე ჩამოაცვეს მისი მოკვეთილი თავი. შესაძლოა, თქვენამდეც მოაღწია ამ ამბავმა. დიდი სიკეთე გამიწია სწორედ ამ ამაკავა ძინაიმ, ამავ სიკეთემ დიდ საწუხველში ჩამაგდო. ამიტომაც გეახელით, რომ მომისმინოთ, მთელ ვითარებას მოგახსენებთ მომხდარი ამბის, შემოგთხოვთ ილოცოთ, იქნებ უზენაესმა წყალობა მოიღოს ციდვილი ჰოძეი იასემონის მიმართ.
ორი წლის წინათ მოხდა ესა. ზამთარში ზღვაში დაიძირა ჩემი ხომალდი «ჰოძეი-მარუ», ქარბუქი დაეტაკა და საქმეში დაბანდებული ფულიც ისე გამომეცალა ხელიდან, ვითომ არც მქონია. ერთ უბედურებას მეორე მოჰყვა და საბოლოოდ «ჰოძეის სავაჭრო სახლი» არამცთუ გაღარიბდა, სულ გაკოტრდა და გაპარტახების პირს მიდგა. ქალაქში ხალხს მარტო ფულზე აქვს თვალები დაქაჩული, ამხანაგი სანღლით საძებარია. სად ნახავ, გაგიგონია? და ჩვენი საქმეც იმ ხომალდივით წაიღო წყალმა... ერთხელ ღამით... ჩემს სიცოცხლეში ვერ დავივიწყებ... ავდრიან კუნაპეტში მე და ცოლი ვლაპარაკობდით, აღარც გვახსოვდა, თუ რა დრო იყო. უეცრივ გამოგვეცხადა მოგზაური ბერის ტანსაცმლით მოსილი კაცი, გამიკვირდა; შევშინდი და გავბრაზდი კიდეც. ალაპარაკდა და აი, რა გაირკვა _ საქურდლად შემოპარულიყო ჩემს სახლში, მაგრამ შუქმა და საუბრის ხმამ შეაფერხა თურმე, საჩაიედან რომ
გადმოდიოდა, ფუსუმას ხვრელში შეუჭვრეტია და გაოცებულა _ უცვნია თავისი კეთილისმყოფელი ჰოძეი იასოემონი, ვინაც სიკვდილს გადაარჩინა ოცი წლის წინათ.
ეს რომ მითხრა, მეც გავიხსენე: როცა ფუსუტას ვატარებდი მაკაოში, ერთი უწვერული იაპონელი გადავარჩინე, ჩინელი რომ შემოკვდომოდა მთვრალს ჩხუბში. მდევრებს დავუმალე. და ახლა ჩემ წინაშე წამომდგარი ცნობილი ქურდი ამაკავა ძინაი ის იაპონელი გამოდგა. საბედნიეროდ, სახლში უკვე ყველას ეძინა. ვირავინ შეიტყო მისი მოსვლა, _ რაც იყო, იყო, ახლა რა გინდა-მეთქი, _ ასე ვუთხარი. მიპასუხა, ძველი სიკეთის გადახდა მინდა, თუკი შევიძლე, «ჰოძეის სახლი» მსურს უბედურებისაგან ვიხსნაო. მერე თანხა რამდენია საჭიროო, იკითხა. უნებურად მწარედ გამეცინა. მე, ჰოძეი იასემონს, ქურდი მთავაზობდა შემწეობას. სასაცილო კი არა, სატირალი იყო. ახლა ესეცა ვთქვათ, ამოდენა ფულის პატრონს, თუნდაც ამაკავა ძინაისებრი ნამდვილი ქურდის სისხლი ედგას ძარღვებში, სხვის ქონებაზე თვალი აღარ დარჩება. არც ჩემს სახლ-კართან არაფერი ესაქმებოდა. თანხა მაინც დავუსახელე. ძინაიმ ოდნავ გვერდზე გადახარა თავი, თითქოსდა არაფერიაო, და აღმითქვა, ყველაფერს სამ დღეში მოვაგვარებო. უზარმაზარ თანხას შეადგენდა ჩემთვის საჭირო ფული _ ექვსი ათასი კანი ხუმრობა ხომ არ იყო, ამიტომაც ვინ იქნებოდა ამის თავდები, რომ ძინაი ამდენს ასე უცებ იშოვიდა. ელოდე ახლა როდის გაგიმართლებს. ამას სჯობია ხელი აიღო თამაშზე. მტერი იყოს ამის იმედზე-მეთქი, _ ასე ვფიქრობდი.
იმ ღამით ძინაიმ გულმშვიდად დალია ჩაი, ჩემმა მეუღლემ რომ მიართვა და ღამეს მისცა თავი. მეორე დღეს არ გამოჩნდა, არც მესამე დღით. დადგა მეოთხე დღე. თოვლი მოვიდა. ჩამოღამდა კიდეც, მაგრამ ძინაი არა და არ ჩანდა. ადრეც ვთქვი, არა მჯეროდა ძინაის დანაპირები, მაგრამ დუქნიდან არც არავინ დამითხოვია და არც ანგარიში გამისწორებია არავისთვის. ჩანდა, სულის რომელიღაც კუნჭულში მაინც აკიაფდა იმედის ნაპერწკალი. მეოთხე დღეს, მართალია, ძველებურად ვიჯექ ჩაის ოთახში, ფარანქვეშ, მაგრამ მთელი გულისყური გარეთ მქონდა, ჩქამი არ გამომპარვია.
გადიოდა დრო და უეცრივ ბაღში, საჩაიეს მხრით ატყდა ხორიო-ბორიო, ვიღაცები ჩხუბობდნენ, ასე ჰგავდა. ძინაიზე ფიქრმა გამკენწლა გულში, _ ყარაულებმა ხომ არ დაიჭირეს-მეთქი. ბაღში გამავალი სიოძი გავწიე და ფარანი მივანათე. საჩაიეს წინ, ღრმა თოვლში, იქ, სადაც ჩამოწოლილიყო ბამბუკის ტოტები, ორი კაცი შეჭიდებოდა ერთანეთს. ერთმა ხელი ჰკრა მეორეს, ხეებს გაერია და გალავნის თავზე ხრიშინი ატყდა, მერე სიჩუმე ჩამოვარდა. ჩანდა, გაქცეული სამშვიდობოს გავიდა. მეტოქე არ გადევნებია, მან თოვლი ჩამოიბერტყა და მშვიდად მომიახლოვდა.
_ ამაკავა ძინაი ვარ.
გაოცებული მივაჩერდი. როგორც იმ ღამით, ახლაც უცხოური თავსაბური ეხურა და ანაფორა ეცვა.
_ რა აურზაური ატეხეთ? ბედი, რომ არავის გაუღვიძია.
ძინაი ოთახში შემოვიდა და გაიცინა.
_ არაფერია. სწორედ მაშინ, როცა სახლში შემოვაღწიე, დავინახე, ვიღაც იატაკის ქვეშიდან ეპირებოდა აქ შემოძრომას. ჩავიჭირე, მინდოდა გამეგო, რა კაცი იყო, მაგრამ გამექცა.
მე ყარაულების შიში მქონდა, ვინმე მათგანი რომ არ იქნებოდა-მეთქი, ვკითხე. არა, ქურდი უნდა ყოფილიყოო, _ თქვა ძინაიმ.
ქურდი ეპირებოდა ქურდისავე დაჭერას. ამაზე მეტ საოცრებას ნახავს განა რასმე კაცი?! ახლა უკვე მე გამეღიმა. რა მაცინებდა, ჯერ ხომ არ ვიცოდი, როგორი იყო
ფულის საქმე. სული მიწრიალებდა. პირის გაღებაც არ მაცალა, თითქოს ჩემს აზრებს კითხულობსო, დინჯად შეიხსნა ქამარი და ბუხრის წინ ჩამოალაგა ფულის ქისები.
_ ექვსი ათასი კანია აქა. უმეტესი ნაწილი გუშინვე მოვახაზირე, მაგრამ ორასი ვერა და ვეღარ ვიშოვნე. ამიტომაც შემაგვიანდა. ახლა თანხა სრულია. ავიღე და იატაკქვეშ დავფალი. და იმ ქურდმაც ალბათ იყნოსა ვერცხლის კვალი.
სიზმარში მეგონა თავი. ვერ ვიქცეოდი საქებრად. სხვისი თქმა რად მინდა, განა მე არ ვიცი? ისე კი, ვიდრე იმის ფიქრში ვიყავ, იშოვიდა თუ არა ფულს, ამ საქმის ავკარგიანობა აღარ მადარდებდა. ამიტომაც იყო, ახლა ასე უბრალოდ უკვე ვეღარ ვიტყოდი უარს. უკან მიმებრუნებინა ეს ფული? ხელი უნდა გამეშვა მაშინ ქუჩაში. ნუ გამკიცხავთ, შემინდეთ ეს საქციელი.
ქედი მოვიხარე ძინაის წინაშე, ხელები იატაკზე დავაწყვე და უსიტყვოდ ავტირდი.
ამის შემდეგ ორი წელი არაფერი მსმენია ძინაის ასავალ-დასავლისა. მაგრამ არ ვივიწყებდი, რომ მე მისი წყალობით გადავრჩი გარდაუვალ გაკოტრებას და დროდადრო მარიასამას შევავედრებდი ამ კაცის თავს. მაგრამ ფუჭად ჩამიარა ლოცვამ. ამ დღეებში ქალაქს მოედო ამბავი, ძინაი შეუპყრიათ და მისი თავი მოდორიბასის ხიდთან მარგილზე ჩამოუცვიათო.
შევძრწუნდი. სიმართლე გითხრათ, ცრემლებიც ვღვარე მალულად. რას იზამ, როცა გაიხსენებ, რომ ეს საზღაურია ყველა იმ ბოროტებისა, რაც მას მოუმოქმედებია, ენა აღარ მოტრიალდება რამის სათქმელად. ეს კი არა, გასაკვირია, ამდენ ხანს როგორ აცადა ღმერთმა, აქამდე როგორ არ უწია ცოდვებმა. მე მაინც მონდოდა სიკეთე გადამეხადა და ერთხელ მაინც მეთქვა მისი სულის შესანდობარი. თუნდაც მალულად, სწორედ ამ მიზნით წაველ იმ დღეს სრულიად მარტო მოდორიბასის ხიდთან სარზე ჩამოცმული თავის სანახავად.
როცა ხიდს მივაღწიე, ხალხი დამიხვდა თავშეყრილი. იქვე ეყუდა დაფა, რაზედაც დასჯილის დანაშაულთა სია ეწერა, გუშაგებიც იქვე იდგნენ. ყველაფერი ისე იყო, როგორც წეს არს. ერთად შეკონილ ახალმოჭრილ ბამბუკის სამ ღერ სარზე სისხლში მოთხვრილი შემზარავი თავი იყო ამართული. ღმერთო ძლიერო, ეს რა ვნახე? აყაყანებული ბრბო ძვლებს მალეწდა, მე კი ვიდექი და გაქვავებული მივჩერებოდი ამ გადაფითრებულ თავს. ეს არ იყო ძინაის თავი. სქელი წარბები, წამახული ყვრიმალები, წარბებშუა ნაჭდევი ჭრილობა... არაფრით არ მოჰგავდა იგი ძინაის... ისე შემეშინდა, თვალის ჩინი კინაღამ წამერთვა. ეს არ იყო ძინაის თავი, ჩემი საკუთარი თავი იყო ესა. ოღონდ ახალგაზრდასი, ოცი წლის წინათ, ამაკავა ძინაი როცა ვიხსენი სიკვდილისაგან, იმდროინდელი ახალგაზრდასი. იასაბურო... ნუთუ შენ... ენა ჩამივარდა, თორემ ვიბღავლებდი ალბათ, მაგრამ კრინტს ვერ ვძრავდი, ისე მიძაგძაგებდა მთელი სხეული.
იასაბურო. მივშტერებოდი ღვიძლი შვილის მოკვეთილ თავს და მეგონა, სიზმარში ვიყავი. ოდნავ უკან გადაქნექილ თავს ქუთუთოები ნახევრად მოხურვოდა და ასე მიცქერდა. იქნებ შეცდომით ძინაი ეგონათ ჩემი შვილი. შესაძლოა, მაგრამ დაკითხვა ხომ გამოავლენდა სინამდვილეს. იქნებ ჩემი შვილი იწოდებოდა ამაკავა ძინაიდ და ის იყო სწორედ ჩემს სახლში შემოპარული ბერად გადაცმული ქურდი. თვითმარქვია! ათასგზის არა. ძინაის გარდა მთელ იაპონიაში ვერავინ მოახერხებდა დათქმულ ვადაში, სულ რაღაც სამ დღეში ექვსი ათასი კანი ეშოვა. მაშასადამე... მე უეცრივ ცხადლივად წამომესახა იმ უცნობის იერი, ვინაც ორი წლის წინათ ბაღში ებრძოდა ძინაის. ვინ იყო იგი იქნებ ჩემი შვილი? ალბათ, ალბათ, მე ერთი მოვკარი თვალი და მაინც არ გამომრჩენია, რომ იგი მოჰყავდა ჩემს შვილს. იქნება შევცდი? და
თუ ჩემი შვილი იყო, თუ ასე იყო... თითქოსდა ბინდი გადამეცალა თვალთაგან, გამოვერკვიე, თავს მივაშტერდი. და მაშინ გალურჯებულ, უცნაურად მოღიავებულ პირზე რაღაც ღიმილის მაგვარი შევნიშნე.
სარზე წამოცმული თავი იღიმებოდაო?! გაგეცინებათ, აბა რა იქნება, ამის გამგონეს მეც კი მეგონა, ალბათ მეჩვენება-მეთქი. მაგრამ რამდენსაც მეტს ვუყურებდი, ამ გადამხმარ ტუჩებს აშკარად ეჭდო ღიმილის ნიშანი. დიდხანს ვერ მოვაცილე თვალი უცნაურად მოღიმარ ტუჩებს. ჩემდა შეუმჩნევლად მეც გამეღიმა, და ამ ღიმილთან ერთად ცხარე ცრემლიც წარმდინდა ღვარად.
«შემინდე მამავ!» _ ეს ებეჭდა ამ უტყვ ბაგეზე.
«შემინდე, მამაჩემო, რომ უღირსი შვილი ვიყავ. ორი წლის წინათ, თოვლიან ღამით სახლში მხოლოდ და მხოლოდ იმისათვის შემოვიპარე, პატიება მინდოდა მეთხოვა, ოჯახში მსურდა დავბრუნებულიყავ, დღისით მერცხვინებოდა, ვინმეს თვალი არ მოეკრა ჩემთვის დუქანში, გვიანობამდის ვიცადე ამიტომ, დავუკაკუნებ საწოლ ოთახში და სიტყვას ვეტყვი-მეთქი. გულით გავიხარე, როცა საჩაიეში სიოძებს შორის სინათლე დავლანდე, ფეხუჩუმრად გამოვემართე იქითკენ და მაშინ უცაბედად და უსიტყვოდ ვიღაც მწვდა ყელში».
«რაც მერე მოხდა, თავადაც უწყით. მოულოდნელად თავგზა დამებნა. ახლა მამაც რომ გამოჩნდა, სულ ავირიე, ხელი ვკარი თავდამსხმელს და მესერს გადავევლე. თოვლის ნაშუქზე ჩემს მტერს მაინც მოვავლე თვალი. რარიგ გავოცდი, ნეტავ იცოდეთ, ბერი რომ აღმოჩნდა. ვიცადე ერთხანს, როცა დავრწმუნდი, არავინ მომდევდა, თამამად გამოვწიე ხელმეორედ საჩაიესაკენ და სიოძებს მისაფრებულმა მოვისმინე თქვენ ორთა საუბარი. სიტყვაც კი არ გამომრჩენია.
რახან ძინაი ჩვენს სახლს კეთილ სულად მოევინა, გულში ამოვიჭერი, გასაჭირში მეც ამოვდგომოდი მხარში, სიცოცხლეც კი არ დამეზოგა მისთვის! ჩვენი ოჯახიდან მარტო მე ვიყავ დარჩენილი, ვისაც ეს უნდა ეკისრა, და ვის მერე?! სახლიდან გამოგდებულ მაწანწალას, ბოგანოს. ორი წელი ვეძებდი ხელსაყრელ შემთხვევას. და აი, დადგა ამის დროც. მომიტევე, მამავ, არ ღირსვარ შენი, უძღები შვილი ვიყავი. მართალია, ასე დამყვა დედის საშოდან, მაგრამ ხომ ვზღვე ჩვენი ოჯახისათვის გაწეული სიკეთე. ესღაა ჩემი ნუგეში».
სიცილ-ტირილით მოვდიოდი გზად სახლისაკენ. მეამაყებოდა ჩემი შვილის კეთილშობილება. თქვენ არც კი იცით, იასაბურო ჩვენი რჯულისა იყო და სახელიც დაანათლეს, პაულო, მაგრამ ბედნიერებას ვერ დაიკვეხნიდა. არც ჩემი ყოფაა სახარბიელო. ამაკავა ძინაის რომ არ გადაერჩინა ჩემი ოჯახი, იქნებ ამ დღეში არ ჩავარდნილიყავი. ერთი ფიქრი მდევს თან და არ მაძლევს მოსვენებას. რომელი იყო უმჯობესი, ავცდენოდი გაკოტრებას თუ შვილი მყოლოდა ცოცხალი?!. (უეცრივ გამწარებით:) მიშველეთ ვინმემ. თუ ასე გაგრძელდა, იქნება ჩემი სახლ-კარის ქომაგი ოჯახის დამაქცევარივით შევიძულო (გაბმული ქვითინი).
იასაბუროს მონათხრობი
ო, დედაო-წმინდა მარია-სამა! ხვალ, გამთენიისას მომკვეთენ თავს. დაგორდება თავი მიწაზე, სული კი ფრინველივით შენკენ გამოქროლდება. ვინ იცის, ნაცვლად პარაისოს (სამოთხე) ნეტარებისა, შთავვარდე ინფერუნოს (ჯოჯოხეთის) გეენას შინა. არას ვნაღვლობ, ვილხენ მთელი სულითა და გულით, ოცი წელია, ჯერ არ გამიხარია აგრერიგად.
ჰოძეი იასაბურო გახლავართ, დიახაც, მაგრამ ხვალ დილით, ხალხის თვალის სასეიროდ სარზე წამოცმულ ჩემს თავს ამაკავა ძინაის სახელი ერქვა. მე ამაკავა ძინაი გავხდები, ამიხდა ნანატრი. ამაკავა ძინაი? რაო?! იქნებ ვინმეს არ მოეწონოს?! საგანგებო სახელია, მე და ჩემმა ღმერთმა. წარმოვთქვამ ამ სახელს და ასე მგონია, თითქოს და ჩემი დილეგი შროშანებითა და მაისის ვარდებით მოირთო.
ზამთარში მოხდა ეს, ორი წლის უკან. იმ დაუვიწყარ თოვლიან ღამით მამაჩემის სახლში შევიპარე, ფული მინდოდა მომეჩხრიკა, მე ხომ სხვა სიკეთესთან ერთად, მოთამაშეცა ვარ. საჩაიეს სიოძებიდან სინათლე კრთოდა ჯერ კიდევ. შეოვბრუნდი და ვეტაკე მტერს, ვინ იყო, არ ვიცოდი. ჩნდა, უბრალო ვინმე არ იქნებოდა, ისეთი ძალა ჰქონდა. ჭიდაობისას გაიღო საჩაიეს სიოძები, ფარნის შუქი დაეცა ბაღს, მამა იდგა კარის ზღურბლზე, მამაჩემი, იასემონი. უკანასკნელი ძალისხმევით გამოვითავისუფლე სხეული, დავუძვერი როგორც იქნა მტრის უჩვეულოდ მჭიდე ხელებს და ბაღიდან გავვარდი.
ნახევარი კვარტალი გავირბინე თუ არა, ფარდულთან დავიმალე და იქაურობა მოვზვერე. ქუცაში სულიერი არ ჭაჭანებდა, სრული სიმშვიდე იდგა და ღამის ნისლში დროდადრო თუ აიჭრებოდა თოვლის თეთრი მტვერი. ჩანდა, თავი მანება ჩემმა მეტოქემ, დევნა აღარ ღირსო, ხელი ჩაიქნია ალბათ. მაინც ვინ იყო? რამდენადაც გავარჩიე, ბერის სამოსი უნდა სცმოდა. ღონე ჰქონდა მართლაც საკვირველი, თან ბრძოლაშიც ნაცადი ჩანდა, ხერხებსაც ფლობდა მუშტი-კრივისას, არამც და არამც უბრალო ბერი არ უნდა ყოფილიყო. ანდა ამ თოვლიან ღამით ბაღში რა ესაქმებოდა ბერს, ვკვირობდი და ვერაფერი გამოგეო. ცოტა ხანს ვიფიქრე და მერე გადავწყვიტე, ერთხელ კიდევ მოვპარულიყავი საჩაიესთან.
განვლო საათმა. ფრიად საეჭვო მოხეტიალე ბერმა ისარგებლა იმით, რომ თოვა შეწყდა და გაყვა ოგოვადორის ქუჩას. ეს ამაკავა ძინაი იყო, სამურაი, მოქალაქე, მოხეტიალე მუსიკოსი, მოშაირე კაცი, ვისაც შეეძლო ათასნაირად ეცვალა იერი, მთელ კიოტოში ცნობილი ქურდი! მალულად მივდევდი მის კვალს. ასე გახარებული არასოდეს ვყოფილვარ. ამაკავა ძინაი! ამაკავა ძინაი! როგორ ვინატროდი მას, რამდენჯერ დამსიზმრებია კიდეც. ვინაც მახვილი წარსტაცა კამპაკუს, ვინაც სიამუროაში მარჯანი დასტყუა გამოჯეკილ მფლობელს მარჯნისას, ვინაც ხუთ ბეღელს დახსნა კარები და მიკავას რვა რჩეული სამურაი გაისტუმრა მოუსავლეთში და მრავალი და მრავალი საკვირველზე საკვირველი, საუკუნეთა მანძილზე დაუვიწყარ ამბად დარჩენილი ბოროტებით დაზაფრა ხალხი, ძინაი გახლდათ სწორედ... და ეს ძინაი, ცხვირზე ჩამოწეული ჭილის ქუდიანი, ახლა ჩემ წინ მიაბიჯებდა თოვლით ოდნავ გადათეთრებულ ქუჩაზე. მე შემეძლო, საკუთარი თვალებით მეცქირა მისთვის. ეს უკვე დიდი ბედნიერება იყო. მაგრამ მეწადა უფრო ბედნიერი დავმხდარიყავი.
როცა ძეგონძის ტაძრის უკანა მხარეს მივაღწიეთ, სწრაფად წამოვეწიე ძინაის. უკაცრიელი ალაგი გახლდათ, მიწაყრილი აზვინულიყო მთელ გაყოლებაზე. დღისითაც კი ზედგამჭრილი იყო ეს ადგილი ხალხს გარიდებული კაცისთვის. ძინაიმ შემომხედა, ოდნავადაც არ შეშინებია, დაჯერებულად შედგა. მდუმარედ დაეყრდნო ჯოხს, თითქოსდა ელოდა, რას ვეტყოდი. მე მორჩილად დავიჩოქე მის წინ, ხელები წინ დავიწყვე, მაგრამ ისე მშვიდად გამომხედა, ენა ჩამოვარდა.
_ მომიტევეთ, მე იასაბურო გახლავართ, ძე ჰოძეი იასემონისა, _ წამოვიწყე, როგორც იქნა. სახე მიხურდა ერთიანად. _ უკან გამოგყევით, რადგან სათხოვარი მაქვს თქვენთან.
ძინაიმ თავი დააქნია. ისე დამძლია სულმოკლეობამ, ამაზეც დიდად მადლიერი დავრჩი, მერე მომეგო სითამამე და მოკლედ მოვუთხრე, როგორ გამომაგდო მამამ სახლიდან და ახლა ყოველი ჯურის გარეწრებში რომ ვარ გარეული. ამ ღამით როგორ შევიპარე მამაჩემის სახლში საქურდლად, მაგრამ მას, ძინაის გადავაწყდი მოულოდნელად, მერე ძინაისა და მამის საიდუმლო საუბარი ვისმინე. ძინაი კვლავინდებურად ცივად მომჩერებოდა, ტუჩები მოეკუმა. ხმა არ გაუღია. როცა მოყოლას მოვრჩი, წინ წავჩოჩდი ცოტათი და დაჟინებით ავაცქერდი.
_ ჰოძეის სახლ-კარზე გაწეული ამაგი მეც მავალდებულებს. ამის ნიშნად გადავწყვიტე, თქვენი ხელქვეითი გავხდე. გთხოვთ, მიმსახუროთ, ქურდობაც ვიცი, ხანძრის გაჩენაც, ჯიბგირობაშიც არავის დავუდებ ტოლს.
დუმდა ძინაი. გული ამიძგერდა, უფრო მხურვალედ ავლაპარაკდი.
_ გთხოვთ, მიმსახუროთ! არაფერს დავიზარებ. კიოტო, ფუსიმი, საკაი, ოსაკა, _ სად არა ვარ ნამყოფი. თხუთმეტი რი შემიძლია ფეხით გავიარო ერთ დღეში. ცალი ხელით ტომარას ვეწევი, ოთხ ტოს რომ იწონის, ისეთს. ორი-სამი კაცი მყავს უკვე მოკლული. მიმსახურეთ, გვედრით. თქვენი გულისათვის ცეცხლში ჩავვარდები. ფუსიმის ტაძარში თეთრი ფარშავანგი ჰყავთ, ოღონდაც მოისურვეთ და მერე მე ვიცი! სიტყვა რომ დაგცდეთ, სანტო ფრანცისკოს სამრეკლო დაწვიო, გადავბუგავ. უდაიძინის ასულსაც, თქვენი სურვილი იყოს ოღონდ, უმალ აქ მოგგვრით და ქალაქის თავის გოგრასაც მოგიტანთ, თუკი ინებებთ.
უეცრივ წიხლი მომხვდა და უკან გადავვარდი.
_ რეგვენო!
ასე შემამკო თუ არა, მოინდომა გამცლოდა, მაგრამ მე გადარეულივით ჩავაფრინდი ანაფორის კალთაზე. _ თან წამიყვანეთ, გთხოვთ! არ მოგეშვებით არასგზით. ცეცხლსა და წყალში თქვენი გულისათვის. აი, მეფე-ლომი ეზოპეს მოთხრობაში თაგვმა არ გადაარჩინა? ის თაგვი გავხდები... მე...
_ ხმა ჩაიგდე. ლაწირაკო... ეგღა მაკლია, შენს იმედად ვიარო! _ ისევ მკრა წიხლი. _ არამზადავ, ჯობდა დამჯერი შვილი ყოფილიყავ.
ახლა კი ბრაზი მომერია...
_ ვნახოთ აბა, მე ჩესას ვიზამ.
ძინაიმ აღარც მომხედა, სწრაფად მიაბიჯებდა თოვლზე. ღრუბლებიდან გამოცურებული მთვარის შუქზე ძლივსღა მოჩანდა მისი ჭილის ქუდი... ორი წელი აღარ მინახავს მის მერე. (იცინის უეცრივ) «ეგღა მაკლია, შენს იმედად ვიარო»...
_ სწორედ ასე თქვა. ხვალ კი, გამთენიისას, ძინაის მაგიერ მე მომკვეთენ თავს. ო, დედაო-წმინდავ, მარია-სამა როგორ ვიტანჯე ეს ორი წელი. ძინაისთვის სიკეთის გადახდის სურვილი მახრჩობდა, სიკეთისა იმდენად არა, რამდენიც წყენინების, მაგრამ სად მეპოვა ძინაი? სად იყო? რას აკეთებდა? იცოდა ვინმემ განა? ყველაფერს თავი დავანებოთ, როგორი იყო შესახედავად? არც ეს უწყოდა არავინ. მე რომ ბერი შემომხვდა, ტანმორჩილი იყო, ასე, ორმოციოდე წლის. მაგრამ ის, ვინაც დაიარებოდა იანაგიმატის თავშესაქცევი სახლების კვარტალში, განა ოცდაათი წლის მოხეტიალე სამურაი არ იყო, ყირმიზ სახეს ულვაშები რომ უმშვენებდა? ახლა, წელში ოთხად მოკაკული წითური უცხოელი, რომელმაც, როგორ ამბობენ, ჩაშალა კაბუკის თეატრის წარმოდგენა? შუბლზე კულულებჩამოყრილი ყმაწვილი სამურაი, მეკოკუძის ტაძრიდან განძი რომ წარიტაცა?.. თუ ისე ჩავთვლით, რომ ყველაფერს ამას ძინაი სჩადიოდა, მაშინ მისი ნამდვილი სახის დადგენა აღემატება ჩვეულებრივი მოკვდავის ძალებს... ამასობაში სისხლის ღებინებაც დამეწყო, გასული წლის ბოლოდან ასე ვარ.
არა. დამცირებას არ შევარჩენ. რაიმეთი უნდა გადავუხადო. ძვალი და ტყავი დავრჩი, სინათლე გამდიოდა ლოყებში, მე კი ამაზე ვფიქრობდი დღე-ნიადაგ. და აი, ერთხელ ღამით ბრწყინვალე აზრი დამებადა. ო, მარია-სამა! ო, მარია-სამა! ეს აზრი უდაოდ შენმა სიკეთემ ჩამაგონა. სისულელეა არ გეთმობოდეს სისხლის ნთხევით განაწვალები, ჩამომხმარი სხეული, საკმარისია შეელიო მას და აგიხდება ნანატრი. იმ ღამით ჩემთვის ვიცინოდი სიხარულისაგან და დილამდე ერთსა და იმავეს ვიმეორებდი: «მე თავს მომკვეთენ ძინაის მაგივრად! მე თავს მომკვეთენ ძინაის მაგივრად!»
მე თავს მომკვეთენ ძინაის მაგივრად! _ რა დიდებული სიტყვებია! მაშინ, თქმა აღარ უნდა, ჩემთან ერთად კვალიც გაქრება მთელი მისი ნამოქმედარის და ძინაის შეეძლება, თავაწეული იარებოდეს მთელ იაპონიაში. მე კი... (ისეც იცინის). მე კი ერთ ღამეში სახელგანთქმული ყაჩაღი გავხდები. ვინაც სუკეძაემონს ახლდა ლუსონში, ვინც მოჩეხა კიარას ხე ბიძენის პროვინციაში, ვინაც ახლობელი იყო რიკიუ-კოძისა, ვინაც დასტყუა მარჯანი სიამუროას, ვინაც გაძარცვა ფუსიმის ტაძრის ვერცხლეულის საგანძური და ვინაც მიკავას რვა სამურაი მოუსავლეთში გაამგზავრა... აწ მე მეკუთვნება ძინაის სახელოვნება (იცინის მესამედ), თან გადავარჩენ, თანაც მოვსპობ მის სახელს, ჩემი ოჯახისათვის გაწეულ სიკეთეს ვუზღვავ და შურსაც ვიძიებ შეურაცხყოფისათვის. გულს მოვიოხებ ყოველნაირად. რა დასამალია, ნურც გაიკვირვებთ, მთელი ღამე ვხარხარებდი სიხარულისაგან. ახლაც, ამ ბნელეთშიაც ჩემს ბაგეს ღიმილი არ სცილდება.
ცბიერი განზრახვა მქონდა. ავდექი და იმპერატორის სასახლეში შევიპარე ქურდობის მიზნით. მახსოვს, ბინდიანი საღამო იყო. ბამბუკის თახჩაფუჩებს შორის კრთოდა სინათლე, ფიჭვნარი თეთრად მოსადაფულიყო ყვავილებით. ტალანის სახურავიდან უკაცურ ბაღში გადავეშვი თუ არა, წამსვე, როგორც ველოდი, მოყარაულე სამურაებმა მტაცეს ხელი და ახდა, ახდა მაშინ ნანატრი. ერთმა წვეროსანმა სამურაიმ, რომელმაც დამცა და მაგრად გამკოჭა, ძლივს არ ვიგდეთ ხელთ ეს ძანაიო, ხვნეშით ამოთქვა. ასეც ველოდი. აბა, ძინაის გარდა ვინ გაბედავდა სასახლეში შეპარვას საქურდლად? ეს სიტყვები რომ ჩამესმა, მიუხედავად იმისა, თოკები ძვლამდე მქონდა ჩაჭედილი, უნებურად გამეღიმა.
«ეგღა მაკლია შენს იმედად ვიარო!» _ ასე არ მითხრა?! მაგრამ მე ხვალვე ძინაის მაგიერ ამიგებენ წესს. ო, რა სიამით მივახლიდი ამ ამბავს ძინაი ბატონს. ხვალ ჩემი მოკვეთილი თავი დაელოდება მის მობრძანებას და ძინაი აუცილებლად იხილავს ჩემს ბაგეზე შეყინულ სიცილს. «რაო? სიკეთისათვის გადაგიხადა თუ არა იასაბურომ? _ აი, რას ამცნობს მას ეს სიცილი, _ შენ ამიერიდან ძინაი აღარა ხარ. ძინაი აგერა, ეს თავია! იგია ახლა მთელს იაპონიაში სახელგანთქმული ქურდი». (იცინის). ო, რა ბედნიერი ვარ! პირველად ვარ ასე ბედნიერი მთელ სიცოცხლეში.
მაგრამ ჩემი თავი მამაჩემმა, იასემონმა რომ ნახოს... (გულმწარედ). შემინდე, მამავ, ჩემთვის თავიც რომ არ მოეჭრათ, ბევრ ხანს ვერ გავატანდი მაინც, ორიოდე წლის სიცოცხლე დამრჩენოდა ალბათ, მეტი არა, ისე მქონდა ფილტვები დაჭიმული. სულ სისხლი ამომქონდა პირიდან. შემინდე, რომ უღირსი შვილი ვიყავი. უკუღმართად ვიყავ დაბადებული, მაგრამ ერთი რამ მაინც მესახელება, ეს მაინც მეთქმის: ხომ ვზღვე და სამადლოდ არ გავხადე ჩვენი ოჯახისათვის გაწეული სიკეთე.
 
მარტი, 1922წ.