Litclub.ge

ვუგალობ ჰარალეს-დოვლათის ღმერთს
ხარებს რქებზე უნთიათ
კელაპტრები,
ჰარალე!
ჰაი,
ხელი ვიჩრდილე და
ხნულში მელანდები,
ჰარალე!
გუთანს ხელი ვუშვი და
მიწას ვცემ თაყვანსა,
ჰარალე!
მიწასა _
ჩემი სიცოცხლის და
სიკვდილის აკვანსა,
ჰარალე!
ჩემს ბედზედაც დააბრუნე
წისქვილის დოლაბი,
ჰარალე!
ჩემი თონიდანაც ამოყარე
დოვლათი,
ჰარალე!
მკათათვის ფერი ხარ და
ყანებში იწვები,
ჰარალე!
არ გამომილიო კალოზე
კვერი და
ფიწლები,
ჰარალე!
არა, არ ჩამიქრო ხარის რქებზე
კელაპტრები,
ჰარალე!
მინდვრებში შემოდგომის
ფერადები,
ჰარალე!
გეყმე, სანამ დავიღლები და
დავდუღდები,
ჰარალე!
მერე ქვის საფლავში ჩამატანონ
თავთუხები, _
შენი გვირგვინის თავთუხები,
ჰარალე!
რათა მწედა მყავდე და
იყო ჩემთანა,
ჰარალე!
მთვარეს ვეახლები, თუ მივალ
მზესთანა,
ჰარალე!
ხიი, მო, გამიწით, ხარებო,
გენაცვლებით,
ჰარალე!
ნურც ჩამქრობია თქვენი რქის
კელაპტრები,
ჰარალე,
ჰარალე!..