მამის ხსოვნას
შენი ტაძრისთვის მთაში ვეება
ქვისგან გათლილი ამქონდა კარი
და უპატრონოდ მიტოვებული
იალაღებზე ბღაოდა ცხვარი.
ყველაფერს ერქვა თავის სახელი:
წყურვილს _ წყურვილი,
ტკივილს _ ტკივილი.
ოღონდ ტკივილებს მე ვერ ვამხელდი,
ვმალავდი ჩემი მწარე ღიმილით.
და ნისლი,
როგორც ფიქრი დაღლილი,
გაცვეთილ ბილიკს სიზმრებში ხვევდა.
ყველაფერს ერქვა თავის სახელი:
დუმილს _ დუმილი
და სევდას _ სევდა.
უეცრად მწუხრმა დარეკა ზარი,
ბინდში დუმილი უკან იხევდა
და მერმე ზეცას გაუჩნდა ბზარი,
ბზარიდან ღმერთმა გადმოიხედა.